გორის მერიის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი,თეიმურაზ მანველიშვილი, რომელმაც სამოქალაქო აქტივისტს თავზე ფუნით სავსე ურნა ჩამოამხო, სამსახურის დაბრუნებას სასამართლოს გზით ცდილობს. ის მერიას სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას სთხოვს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
დავა მანველიშვილსა და მერიას შორის, გორის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს.
მანველიშვილმა უწყებაში თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე 2019 წლის 8 თებერვალს დატოვა. ის მერიის ადმინისტრაციისა და შესყიდვების სამსახურის უფროსი იყო, თუმცა ერთ-ერთ საპროტესტო აქციაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ, მან მერს თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლება სთხოვა. დღეს კი მერიის ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ მაშინ ამის გაკეთება “გარემოებებმა აიძულა”.
“როგორც იცით, სასამართლო დავა ჩემსა და გიგა მაქარაშვილს შორის ჩემი გამარჯვებით დასრულდა. 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა გამამართლა. როცა სამსახურიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება მივიღე, არსებობდა გარკვეული გარემოებები, რამაც მაიძულა ეს გამეკეთებინა” , – განმარტავს მაქარაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გორის მერიასთან სამოქალაქო აქტივისტებმა მერის კონსტანტინე თავზარაშვილის წინააღმდეგ აქცია გამართეს. სამოქალაქო მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტიას“ წევრმა ახალგაზრდებმა ადმინისტრაციული შენობის კიბეზე ნაკელი და მარცვლეული (საკენკი) დაყარეს და გორის მერს კონსტანტინე თავზარაშვილის მის მიერ აგვისტოს ომთან დაკავშირებული განცხადების გამო საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოითხოვეს.
აქციის დასრულებისას აქტივისტებმა ტერიტორიის დასუფთავება თავად დაიწყეს, რა დროსაც ინციდენტი მოხდა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა, თეიმურაზ მანველიშვილმა აქციის მონაწილე მაქარაშვილს ნაგვით სავსე ურნა თავზე დააყარა.
საქართველოს მთავარი პროკურატურის განმარტებით, გიგა მაქარაშვილის მიმართ ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი იყო მისივე ჩვენება, იმის შესახებ, რომ აქციის შემდეგ მომხდარი ინციდენტისას, ნაგვის ურნის თავზე ჩამომხობით მან არა ფიზიკური, არამედ ფსიქიკური ტკივილი განიცადა და მიიღო სულიერი ტრამვა.
ამის შემდეგ, მანველიშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მე-3 პრიმა მუხლის მეორე ,,ბ” ნაწილით წაუყენეს. საბოლოოდ კი, ნაფიცმა მსაჯულებმა გიგა მაქარაშვილისთვის მორალური ზიანის მიყენების საქმეზე, თემურ მანველიშვილი უდანაშაულოდ ცნეს.