ირაკლი მელაშვილი: ზუგდიდის საკრებულომ ოქმში არაკომპეტენტური ჩანაწერი გააკეთა

1310

დამიჯერეთ ისეთი სასწაული, რომელიც ქალაქ ზუგდიდში მოხდა, შეიძლება არცერთ მუნიციპალიტეტში არ მომხდარა, – ასე შეაფასა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაციამ რეგიონული განვითარების სამინისტროს სამთავრობო კომისიის ინიციატივასთან დაკავშირებით, საკრებულოს ოქმში დაფიქსირებული ჩანაწერი მუნიციპალიტეტების ხელახლა გაერთიანებაზე.

მისი განმარტებით, სხდომის ოქმში, სადაც დეპუტატთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა აღნიშნულ წინადადებას, ფიქსირდება მათი სურვილი – ისინი მუნიციპალიტეტების გაერთიანებას უჭერენ მხარს იმ შემთხვევაში, თუ ზუგდიდი ისევ თვითმმართველ ქალაქად დარჩება.

„მე მესმის, რომ შეიძლება ურთიერთგამომრიცხავი იყოს, მაგრამ ჩვენი სურვილი იყო ასეთი. თვითონ ამ გადაწყვეტილებაში, სადაც ჩვენ მხარს ვუჭერდით გაერთიანებას, მაგრამ როგორც თვითმმართველის გაუქმებას არ ვუჭერდით მხარს, და ეს აგერ წერია, ამ დოკუმენტში. ჩვენ გვევალებოდა აზრის გამოთქმა და გამოვთქვით ეს აზრი, შესაძლებლობის ფარგლებში, იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც ჩვენ გვქონდა. ეს არ ესმის საზოგადოებას და მოდის და გვეუბნება, ქალაქი გაგვიუქმეთო“, – აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ შეხვედრაზე, სადაც განიხილეს მუნიციპალიტეტების გაერთიანება და მოსალოდნელი შედეგები.

თაზო ფაცაციას თქმით, ადგილობრივ დონეზე ამ წინადადებას მოიწონებდნენ თუ არა, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არც ქონდა.

მის განცხადებას არ დაეთანხმა ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში ირაკლი მელაშვილი. განმარტა, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, თუკი გაერთიანება მოხდებოდა, ზუგდიდი ვერცერთ შემთხვევაში ვერ შეინარჩუნებდა თვითმმართველის სტატუსს.

„ეს იყო შესაძლებელი 2006 წლამდე, როცა რაიონში იყო თვითმმართველობის ელემენტები და ქალაქს ჰქონდა თვითმმართველობა. მაშინ სხვა სისტემა იყო. დღეს სხვა სისტემაა, ამიტომ ჩანაწერი რომ გაკეთდა, კი ბატონო, გაერთიანება მოხდეს, მაგრამ თვითმმართველი ქალაქის სტატსუი შეუნარჩუნდეს, ეს უბრალოდ არაკომპეტენტური ჩანაწერი იყო, მე მაპატიეთ“, – აღნიშნა ექსპერტმა.

მისივე თქმით, მოსალოდნელი ცვლილების შედეგად ზუგდიდი აღარ იქნება იურიდიული პირი, არამედ დარჩება მხოლოდ გეოგრაფიულ დასახელებად. თუმცა მას ყველა მოიხსენიებს ქალაქად მომავალშიც, მიუხედავად იმისა, ექნება თუ არა მას თვითმმართველის სტატუსი:

„ქალაქი რას ნიშნავს – რომ იყოს იურიდიული პირი. ანუ მაპატიეთ, ეს ქაღალდი რომ შეიძინოთ, იმის უფლება აღარ გექნებათ დამოუკიდებლად, ვიღაცას უნდა სთხოვოთ. ისეთ რაღაცებს გიხსნით, თქვენც ძალიან კარგად გესმით“.

ექსპერტმა აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, არც ქალაქის მერი ირაკლი გოგოხია და არც მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია იყვნენ რეფორმის ამგვარი გაგრძელების მომხრე, არც პარლამენტარები რამდენიმეს გამოკლებით.

„ყველაზე მეტად ის მწყინს, რომ ასეთ ვითარებაში გადალეწეს ადამიანების ნება. შენიც, ირაკლი გოგოხიასიც, მერაბ ქვარაიასიც. ეს არის შეცდომა, ეს არ უნდა გაეკეთებინათ“.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 22 მაისს, დაპირისპირების და პროტესტის ფონზე მოიწონა რეგიონული განვითარების სამინისტროს სამთავრობო კომისიის ინიციატივა. უფრო ადრე აღნიშნულ წინადადებას მხარი თემის საკრებულომაც დაუჭირა.

შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის, „ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის ცენტრის“ და ინტერნეტგამოცემა TSpress.ge-ს ორგანიზებით გაიმართა.

წყარო: ლაივპრესი