დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქალაქის მასშტაბით ყველა სადარბაზოში დეზინფექციის ჩატარება შეუძლებელია. ასე უპასუხა კახა კალაძემ კითხვას, რატომ არ მოხდა თემქაზე კონკრეტული სადარბაზოს დეზინფექცია კორონავირუსის შემთხვევის დადასტურების შემდეგ.
მისივე თქმით, თუ იქნება მიმართვა და საჭიროება, რომელიმე ერთი ლოკაციის დეზინფექციისთვის, თბილისის მერია შესაბამის სამუშაოებს ჩაატარებს. მერის განმარტებით, თემქის შემთხვევასთან დაკავშირებით მიმართვა არ ყოფილა.
ამასთანავე, კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისის მასშტაბით ჯამში 50-60 ქუჩაზე ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები.
„თქვენ იცით, რომ ჩვენ ქალაქში გზების, ტროტუარების სადეზინფექციო სამუშაოებს ვატარებთ, თუმცა აქაც, მე მგონი, ყველასათვის ცხადია, რომ ყველა ქუჩის, ყველა უბნის დამუშავება ვერ მოხდება, ფიზიკურად შეუძლებელია, ასეთი რამ არ არსებობს. მოხდება მხოლოდ იმ ქუჩების დამუშავება, დაახლოებით, 50-60 ქუჩაზეა საუბარი მთელი ქალაქის მასშტაბით, რომელიც ყველაზე ხალხმრავალია და მეტი ადამიანი სარგებლობს,“- განაცხადა კახა კალაძემ.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 208 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 38 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 2.