კალაძე: ამ ეტაპზე დამატებით, რამე კონკრეტული მიმართულებით ზომების გამკაცრება არ იგეგმება

348

ამ ეტაპზე რთულია ზომების დამატებით გამკაცრებაზე საუბარი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „მოამბეში“ განაცხადა.

„ჩვენ გადაწყვეტილებებს იქიდან გამომდინარე ვიღებთ, თუ როგორი იქნება რეალობა 0ან რას ველოდებით მომდევნო დღეების განმავლობაში. შესაბამისად, მაქსიმალურად ვითვალისწინებთ ყველა იმ რეკომენდაციას, რომელზეც არის ხოლმე მოწოდებები. თუმცა, ამ ეტაპზე დამატებით, რამე კონკრეტული მიმართულებით გამკაცრება არ იგეგმება“, – განაცხადა კალაძემ.

ამ განცხადებით კახა კალაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, იგეგმება თუ არა თბილისში და მთლიანად ქვეყნის მასშტაბით ზომების კიდევ უფრო გამკაცრება შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, მართალია, მიღებული ზომები დისკომფორტს ქმნის, მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ღონისძიებების გატარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

„ღონისძიებების გატარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რათა დავიცვათ ერთმანეთი, ჩვენი მშობლები და ბებია-ბაბუები. მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოება დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ჩვენ გვიწევს ამ მტკივნეული ღონისძიებების გატარება, რომ ამ მძიმე მდგომარეობიდან რაც შეიძლება, ნაკლები დანაკარგით გამოვიდეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 208 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 48 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.