თუ იქნება აუცილებლობა, რომ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა, კარანტინი, საკომენდანტო საათი, ეს აუცილებლად გაკეთდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „მოამბეში“ განაცხადა.
„ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება შიდა გადაცემის პროცესი. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით ამ პროცესებს და უნდა დაველოდოთ. ამ ეტაპზე რთულია საუბარი. თუ იქნება აუცილებლობა, რომ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა, კარანტინი, საკომენდანტო საათი, ეს აუცილებლად გაკეთდება. ისევ და ისევ იმისთვის, რომ ერთმანეთი დავიცვათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამ განცხადებით კახა კალაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, მოსალოდნელია თუ არა საგანგებო მდგომარეობის თარიღის გადაწევა.
შეკითხვაზე, განიხილება თუ არა მმართველ გუნდში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების თარიღის გადაწევის საკითხი შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, როცა დაავადების განვითარების დინამიკაზე, პიკის პერიოდზე და ა.შ. კონკრეტული პროგნოზები ვერ კეთდება, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ყველაფერი არსებულ რეალობაზეა დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.
„შესაბამისად, უნდა დაველოდოთ. ამ ეტაპზე რთულია ვისაუბროთ, რა იქნება ორი თუ სამი თვის მერე, რადგან ამ პროცესებში ყოველ წუთს და ყოველ დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, ჩვენც უნდა მივყვეთ პროცესს და დაველოდოთ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 208 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 46 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.