თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი დედაქალაქის მერიის გამწვანების საქალაქო სამსახურს კორუფციაში ადანაშაულებს.
როგორც მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის საარჩევნო შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 3 მილიონამდე ლარი დედაქალაქის ბიუჯეტიდან კორუფციული გარიგების შედეგად უმიზნოდ გაიხარჯა.
„საქმე ეხება 2016 წლის აგვისტოში გამოცხადებულ ტენდერს, რომელშიც ტენდერის გამოცხადებიდან 6 დღის შემდეგ შექმნილმა კომპანიამ გაიმარჯვა. „გამწვანება 2016“-მა სულ 4 ტენდერი მოიგო, სანაცვლოდ კი 3 მილიონამდე ლარი მიიღო.
კორუფციული გარიგებით კომპანიამ მერიას გაწვანებისთვის განკუთვნილი ნერგების 100% ისე ჩააბარა, რომ ისინი არანაირ სტანდარტს არ აკმაყოფილებდა. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ კომპანია დარგვის დროს უკვე გამხმარი ნერგების მოვლა-პატრონობისთვისაც იღებდა საბიუჯეტო თანხებს“, – აცხადებენ ალეკო ელისაშვილის შტაბში.
მათივე თქმით, კიდევ ერთ უკანონობას წარმოადგენს ის გარემოება, რომ შპს „გამწვანება 2016“-ს თბილისის ზღვის მიმდებარედ ერთ ჰექტრამდე ტერიტორია საკუთარი მეურნებისთვის უკანონოდ აქვს დაკავეული და ადგილზე ნერგების რეალიზაციასაც ეწევა.
„ქალაქი ამ ქმედების შედეგად, მინიმუმ, საიჯარო ქირას კარგავს რაც, სავარაუდოდ, 100 000 ლარს აღემატება. ამ ფაქტს უკვე თვეებია იძიებს პროკურატურა, გამოკითხულია ათობით ადამიანი, მათ შორის მერიის გამწვანებისა და ეკოლოგიის სამსახურის მაღალჩინოსნები. თუმცა, საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვისთვის ამ დრომდე არავის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა“, – აცხადებენ ელისაშვილის შტაბში.
წყარო: ინტერპრესნიუსი