გილოცავთ ყველას, ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან მიხარია, რომ ჩვენ შევძელით გამარჯვება მეორე ტურში. შევძელით არა უბრალოდ გამარჯვება, არამედ ღირსეული გამარჯვება, – ასე მიმართა დედაქალაქის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ თვითმმართველობის არჩვენების მეორე ტურის ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მხარდამჭერებს.
მისი თქმით, მან ყველას, ვინც ხმა მისცა, მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მზად არის, დაუღალავი შრომით ემსახუროს ქალაქს.
„დიდი მადლობა თითოეულ ჩემს მხარდამჭერს, ყველა ადამიანს, ვინც მონაწილეობა მირო არჩევნებში, გადადგა სწორი ნაბიჯი, გააკეთა სწორი არჩევანი ქალაქთან, აღმშენებლობასთან, განვითარებასთან, სიმშვიდესა და სტაბილურობასთან მიმართებით. დღეს ყველაზე მეტად რაც სჭირდება თბილისს არის განვითარება, აღმშენებლობა, სიმშვიდე და სტაბილურობა. ეს თქვენი დამსახურებაა და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა.
ჩემო მეგობრებო, რა თქმა უნდა, ჩემს გუნდთან ერთად მზად ვარ 24-საათიან რეჟიმში ვემსახურო ამ ქალაქს. მზად ვარ, დაუღალავი შრომით ვემსახურო ამ ქალაქში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს, განუხრელად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა. პირობა დავდე, რომ ვიქნები ყველას მერი, ვიყავი ყველას მერი და და ასე ვაპირებ მომავალში ჩემი საქმიანობის გაგრძელებას. რა თქმა უნდა, დაველოდებით ცესკო-ს საბოლოო მონაცემების გამოქვეყნებას, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ ყველას და მეორე დღიდანვე ვიწყებთ კონკრეტული პროექტების განხორციელებას. ეს არის ინფრასტრუქტურის, გამწვანების, სოციალური, ჯანდაცვის მიმართულებით. ეს არის ყველა ის სამუშაო, რაც სასიცოცხლოდ სჭირდება ამ ქალაქს. გილოცავთ ყველას გამარჯვებას, მადლობა ახალგაზრდებს, ვინც ჩართული იყო პირველივე დღიდან, მხარს უჭერდა კახა კალაძეს, მხარს უჭერდა „ქართულ ოცნებას“ და ჩვენს გამარჯვებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.