თბილისის ზღვაზე ის ადგილი შემოიღობა, სადაც რამდენიმე კვირის წინ მოზარდი დაიღუპა

744
ე.წ. ჩანჩქერი თბილისის ზღვაზე

თბილისის ზღვაზე ის ადგილი შემოიღობა, სადაც ბანაობა აკრძალულია და სადაც 3 ივლისს ახალგაზრდა ბიჭი დაიღუპა. როგორც  უფლებადამცველმა ალეკო ცქიტიშვილმა განაცხადა, ტერიტორიაზე, სადაც 3 ივლისს მისი შვილი დაიღუპა, ორი კვირის განმავლობაში მხოლოდ ბოძები იყო განთავსებული, ხოლო მავთულხლართების გაბმა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

მისივე თქმით, უბედურ შემთხვევამდე, აღნიშნულ ტერიტორიაზე, ასევე მხოლოდ ბოძები იყო განლაგებული, სპეციალური მავრთული კი არა. როგორც ალეკო ცქიტიშვილმა აღნიშნა, შემოღობვა მხოლოდ მაშინ გაკეთდა, რაც ის დედაქალაქის მერს შეხვდა და აღნიშნული პრობლემის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„უბედური შემთხვევა როცა მოხდა, მესამე დღეს განაახლეს ბოძების მონტაჟი. ამ ბოძებზე უნდა გაბმულიყო მავთულხლართები, მაგრამ ისე გავიდა ორი კვირა, რომ მეტი არაფერი გაკეთებულა. შემდეგ შევხვდი ქალაქის მერს და დამპირდა, რომ ამ საკითხს დააყენებდა აუცილებლად. მართლაც, გლდანი-ნაძალადევის გამგებელი იყო შემთხვევის ადგილზე მეორე დღეს, დაათვალიერა და შეხვდა GWP-ის წარმომადგენლებს და კომპანიამ უკვე ამ ბოძებზე გააბა ეკლიანი მავთულები. ასე თუ ისე რაღაც პირველი ნაბიჯი გადაიდგა, რომ ის ადგილი იყოს დაცული, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის საკმარისი, ვინაიდან ამ ღობეზეც გადადიან ის ადამიანები, ვინც ზოგადად არ ემორჩილებიან აკრძალვებს. აქედან გამომდინარე საჭიროა, რომ უფრო ეფექტური და სისტემური ხედვით მოხდეს ამ პრობლემის აღმოფხვრა, იქნება ეს უფრო მყარი ბარიერის გაკეთება თუ პატრულირება ამ ადგილების დაცვის მიზნით“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, პატრულირებისა და ადმინისტრირების გამკაცრების ერთ-ერთი კარგი მაგალითი სათხილამურო კურორტებია, სადაც პატრულირების დაწესების შემდეგ, ნასვამი პირების თხილამურებზე დადგომის ფაქტები ფაქტობრივად აღარ ფიქსირდება.

„პრობლემა ისაა, რომ ერთმანეთთან ხდება გადამისამართება კერძო კომპანიისა და მუნიციპალიტეტის მიერ და ამბობენ – „ეს ტერიტორია ჩემი არ არის“. ეს შემოღობვა არ კეთდებოდა წლების განმავლობაში და როდესაც საქმეში თბილისის მერი ჩაერია, უკვე დასხდენ და ერთად გააკეთეს. ეს აქამდეც შეიძლება გაეკეთებინათ, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. საჭიროა, რომ გაგრძელდეს მუშაობა, რათა უფრო ეფექტური ბარიერები გაკეთდეს, რათა ადამიანები აღარ დაიღუპონ იმ ადგილზე“, – განაცხადა უფლებადამცველმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი