“ელიავას ბაზრობა” უსისტემოდ განლაგებული ბაზრობაა და ბუნებრივია, მას სისტემატიზაცია აუცილებლად დასჭირდება, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
საკრებულოს თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა უნდა მიენიჭოს თუ არა “ელიავას ბაზრობის” ტერიტორიას რეკრეაციული ზონის სტატუსი, რის რეკომენდაციასაც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი იძლევა.
გიორგი ალიბეგაშვილის თქმით, ქალაქის ხელმძღვანელობამ ბუნებრივია უნდა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი თანამოქალაქეების უმრავლესობის ინტერესებში შედის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კერძო ინტერესების უგულებელყოფა მოხდეს. ალიბეგაშვილის თქმით, გენერალური გეგმის განხილვა საჯაროა და მასში მონაწილეობის უფლება ყველას აქვს. ალიბეგაშვილი აცხადებს, რომ “ელიავას ბაზრობა” სისტემატიზაციას საჭიროებს.
”თუ ვინმეს ზემოდან გადაუვლია თვალი “ელიავას ბაზრობისთვის”, ეს არის ქალაქის ერთ-ერთ ლამაზ რაიონში უსისტემოდ განლაგებული ბაზრობა და ბუნებრივია, მას სისტემატიზაცია აუცილებლად დასჭირდება. თუმცა ხაზგასმით ერთს კიდევ ვიტყვი, დიდი ბრენდები, როგორც ევროპაშია, ტენდენციას ამჟღავნებენ, რომ ქალაქის გარეთ გავიდნენ, ასეთი არის ერთ-ერთი ბრენდი, მე მას არ დავასახელებ, რომელიც დიდუბეში მდებარეობს, რომელსაც აქვს ორიენტაცია გავიდეს გარეუბანში”, – განაცხადა ალიბეგაშვილმა.
წყარო: ინტერპრესნიუსი