სამოქალაქო სექტორი თვითმმართველობის კოდექსის ცვლილებების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს

636

თვითმმართველობის კოდექსში შეტანილ ცვლილებებს და პარლამენტის მიერ მიღებულ დადგენილებას, რომელიც თვითმმართველი ერთეულების გაერთიანებას ეხება, სამოქალაქო სექტორი კანონდარღვევად აფასებს.

სამოქალაქო სექტორი პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას ელოდება, შემდეგ კი არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.

არასამთავრობო ორგანიზაციებში განმარტავენ, რომ პრეზიდენტის ვეტოების დაძლევის შემთხვევაში, მიღებული ცვლილებების არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვენ. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მთავარი სპეციალისტის, ლევან ალაფიშვილის განცხადებით, საკითხზე აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს პოლიტიკურ პარტიებთანაც.

„მარტოა დარჩენილი ხელისუფლება იმის იმედად, რომ მას აქვს კონსტიტუციური უმრავლესობა პარლამენტში. ეს არ არის გარანტია იმისა, რომ ეს პოლიტიკური ძალა შეინარჩუნებს ლეგიტიმაციას. არ შეიძლება ამ გზით სიარული და მე იმედი მაქვს, რომ იმსჯელებენ და მიიღებენ გადაწყვეტილებას. იგეგმება საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა სხვადასხვა საკითხებზე, რომელიც დაკავშირებულია თვითმმართველობასთან და თვითმმართველობის საკითხებთან,“ – განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.

წყარო: რუსთავი 2