თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ტაქსის ნებართვის მფლობელებს, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში სავალდებულო ტექნიკურ დათვალიერებას ვერ გაივლიან, ნებართვები არ გაუუქმდებათ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ტაქსების მფლობელები სავალდებულო პროცედურის გავლას საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ შეძლებენ. მანამდე კი ტაქსით მომსახურების გაწევა შეუფერხებლად შეუძლიათ.
„გარდა ამისა, კიდევ ერთხელ შევახსენებთ ტაქსის მძღოლებს, რომ მგზავრის გადაყვანის დროს, ავტომანქანის ფანჯრები დახურულ მდგომარეობაში არ უნდა ჰქონდეთ. აღნიშნული რეკომენდაცია უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გასცა. აღნიშნულ პერიოდში, მგზავრი მძღოლის გვერდით არ უნდა იჯდეს – მაქსიმუმ ორი მგზავრი უნდა მოთავსდეს ავტომანქანის უკანა სავარძელზე, ერთმანეთთან დისტანციით. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ თბილისში მომსახურე ტაქსის მძღოლებს, მკაცრად დაიცვან ყველა ის წესი და რეკომენდაცია, რომელსაც ვირუსის პრევენციის მიზნით, საკოორდინაციო საბჭო გასცემს“,- აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
23 მარტიდან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი გამოცხადდა.
გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი გზები. სიტუაციას ადგილზე პოლიცია და ჯარი აკონტროლებენ.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.
საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 77-მდე გაიზარდა, მათ შორის 10 უკვე გამოჯანმრთელდა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.