კორონავირუსის პრევენციის მიზნით პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ავტოპარკი და ტექნიკური პერსონალი მოქალაქეების საყოფაცხოვრებო უზრუნველყოფის პროგრამაში ჩაერთვებიან.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, უწყების კუთვნილი 5 ავტომანქანა და მათი მძღოლები თბილისის მერიისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების კოორდინირების ქვეშ მოექცევა.
„პერსონალის მიერ შესაბამისი სამედიცინო უსაფრთხოებისა და ქცევის ნორმების სათანადო ტრენინგის გავლის შემდეგ, სააგენტოს მძღოლები, სხვა მოხალისეებთან ერთად, განახორციელებენ საცხოვრებელ სახლებში მყოფი ასაკოვანი მოქალაქეებისთვის პროდუქტისა და მედიკამენტების მიწოდებას. ამ სერვისის მისაღებად მოქალაქეები თბილისის მერიის ცხელ ხაზს (032) 2722222 და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ცხელ ხაზს (032) 2961092 დაუკავშირდებიან. ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინსპექტირებისა და მონიტორინგის პროცედურები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სხვა ავტომანქანებისა და თანამშრომლების მიერ განხორციელდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
23 მარტიდან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი გამოცხადდა.
გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი გზები. სიტუაციას ადგილზე სამართალდამცავები და ჯარი აკონტროლებენ.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.
საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 77-მდე გაიზარდა, მათ შორის 10 უკვე გამოჯანმრთელდა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.