გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო ღონისძიებები ჩატარდა

756

კორონავირუსთან დაკავშირებით პრევენციის მიზნით, გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო ღონისძიებები, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ჩატარდა.

დეზინფექცია უტარდება ლანჩხუთისა და ოზურგეთის მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებსა და ამბულატორიებს. რეგიონში ჯამში 101 საჯარო სკოლა და 85 საბავშო ბაღი დამუშავდა. საგანმანათლებლო დაწესებულებების გარდა სპეციალური ხსნარით დამუშავდა სპორტული და კულტურული ობიექტები, სოციალური მომსახურების სააგენტო, აგრარული ბაზარი და ადმინისტრაციული შენობები.

„რეგიონში დეზინფექცია უტარდება მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებს, ამბულატორიებს. სამუშაოები მომდევნო დღეებშიც განხორციელდება. მოვუწოდებ მოქალაქეებს, დაიცვან რეკომენდაციები და დარჩნენ სახლში“, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ.

23 მარტიდან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი  გამოცხადდა.

გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი  გზები.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.

საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 73-მდე გაიზარდა, მათ შორის 10 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი  იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 252.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.