თბილისში ამაღამ გაჩერებების და მეტროს შესასვლელების დეზინფექცია დაიწყება

726

თბილისის მერის განცხადებით, ახალი კორონავირუსის ბრძოლის პრევენციისათვის, თბილისში დღეს ღამე დაიწყება იმ ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები, სადაც არის გაჩერებები და მეტროს შესასვლელები.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც მერია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს.

დედაქალაქის მერის განმარტებით, სადეზინფექციო სამუშაოების პროექტი თბილისში რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.

„ამის შემდეგ უკვე ინდივიდუალურად დავიწყებთ უშუალოდ მხოლოდ და მხოლოდ გაჩერებების, მეტროს ჩასასვლელების სადეზინფექციო სამუშაოებს. თქვენ იცით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორც ავტობუსები, ასევე მეტრო ყოველ დღე მუშავდება სპეციალური ხსნარებით. ეს იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მოკლას ის ბაქტერია, რომელსაც მთელი მსოფლიო ებრძვის, შესაბამისად, ამ პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია. მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ ეს პრეპარატი ჯანმრთლობისთვის საშიში არ არის, ამიტომ არავის შეეშინდეს“, – განაცხადა კალძემ.

თბილსის მერმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ ვირუსის გავრცელების აღსაკვეთად დარჩნენ სახლში.

„გუშინ ჩვენ, რაც ვხილეთ ძალიან საგანგაშო და ცუდი იყო. მაგალითად, რაც ხდებოდა კუს ტბისა და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიებზე . ეს ძალიან საშიშია, შესაბამისად, მოსახლეობას კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო, ხალხმრავალ ადგილებზე მისვლისგან თავი შეიკავონ, იმიტომ, რომ ეს არის პირდაპირ პირველი საფრთხე, სადაც შეიძლება ადამიანი დაინფიცირდეს. გავიმეორებ, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში მხოლოდ სახელმწიფო ვერაფერს გააკეთებს. აქ მთავარია კონსოლიდაცია, ადამიანების თვითშეგნება და ამ ბრძოლაში ადამიანების მხარდაჭერა. ყოველდღე ვებრძვით, ადამიანებს მოვუწოდებთ,რომ სახლში დარჩნენ გაითვალისწინონ ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ჩვენი ექიმები იძლევიან. ამას იმისთვის ვაკეთებთ, რომ ჩემი, თქვენი და ზოგადად, ყველას ჯანმრთელობის უსაფრთხოება იყოს დაცული“, – განაცხადა კალაძემ.

საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ 22 მარტს, გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა.

გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი  გზები. სიტუაციას ადგილზე სამართალდამცავები აკონტროლებენ. დღეიდან ორივე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები იწყება.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.

საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა, მათ შორის 9 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი  იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 252.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.