კორონავირუსის გამო დაცარიელებულ ქალაქებს ცხოველები იპყრობენ

1658

კორონავირუსით გამოწვეულმა კარანტინმა და სოციალურმა დისტანციის პერიოდმა, რომელმაც მსოფლიოს ათასობით ქალაქი მოიცვა, ქუჩები ადამიანებისგან დააცარიელა, ცხოველებს კი ველური ბუნებიდან პირდაპირ ქალაქის ქუჩებში გადანაცვლება აიძულა.

The guardian-ის ინფორმაციით, იაპონიის ერთ-ერთ ქალაქ ნარაში ირმები ქუჩებსა და მეტროს სადგურებზე სეირნობდნენ, ხოლო კალიფორნიაში ველური ინდაურები, პანამის სან ფილიპეს დაცარიელებულ სანაპიროზე კი ენოტები გადაადგილდებოდნენ.

მასაჩუსეტსის ამჰერსტის უნივერსიტეტის ეკოლოგის, პეიკ უორნის თქმით, კარანტინმა, შესაძლოა, ველურ ბუნებაზე ზეგავლენა განაგრძოს.

როგორც გამოცემა Reuters-ი წერს, კორონავირუსის გამო ქალაქებში ტურისტული ნაკადი შემცირდა, რის გამოც მაიმუნებს საკვების მოპოვება ზოოპარკებს გარეთ მოუწიათ. გამოცემის ცნობით, ტაილანდის ქალაქ ლოპბურის მოსახლეობა მაიმუნებს საკვების ნარჩენებსა და ბოსტნეულს აძლევს.

წყარო: Reuters

საგულისხმოა ისიც, რომ დაცარიელებულ ქალაქებში ცხოველების გადაადგილებასთან დაკავშირებული ყალბი ფაქტებიც ხშირად ვრცელდება. მაგალითად, ცოტა ხნის წინ სოციალური ქსელი ე.წ. “მთვრალი სპილოების” ფოტოებმა დაიპყრო. საბოლოო ჯამში კი აღმოჩნდა, რომ ის, უბრალოდ, ფეიკნიუსი იყო.

ცნობისთვის, COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.

ამ ეტაპზე, საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა, მათ შორის 9 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4 055, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 252 ადამიანი იმყოფება.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.