უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალმა ვიზიტორების მიღება შეწყვიტა

645
უფლისციხე

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უწყების სტრუქტურულ დაქვემდებარებაში არსებულ ყველა მუზეუმსა და მუზეუმ-ნაკრძალში ვიზიტორების მიღება შეწყვიტა.

საქართველოში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სხვა ტურისტულ ობიექტებთან ერთად, მუშაობა შეწყვიტა უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალმა. დაწესებულების ხელძღვანელის, ბადრი გასპაროვის თქმით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ძეგლის მონახულების სურვილს მხოლოდ ერთეული ვიზიტორები გამოთქვამდნენ.

„ბუნებრივია, კორონავირუსით დაინფიცირების საშიშროების გამო, დამთვალიერებელთა კრიზისი ჩვენთანაც შეიმჩნეოდა. ბოლო პერიოდში, რამდენიმე ადგილობრივ და იმ უცხოელ ვიზიტორებს ვუმასპინძლეთ, რომლებმაც საზღვრის ჩაკეტვის გამო, საკუთარ ქვეყანაში დაბრუნება ვერ მოახერხეს. მუზეუმის დროებით დახურვის შესახებ ბრძანება ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოსგან მივიღეთ და ფუნქციონირება 1 აპრილამდე შევაჩერეთ. მუზეუმ-ნაკრძალის მატერიალურ-ტექნიკური და კულტურული ფასეულობების დაცვის მიზნით, სამუზეუმო ადმინისტრაცია წინასწარ შემუშავებული გრაფიკის მიხედვით ვმუშაობთ და ველოდებით სიტუაციის დასტაბილურებას,“ – განაცხადა უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორმა ბადრი გასპაროვმა.

სხვა მუზეუმებმა ფუნქციონირება 4 მარტს შეწყვიტეს, ღია სივრცეში განთავსებული მუზეუმ-ნაკრძალები კი, ვიზიტორების მიღებას დღემდე აგრძელებდნენ.

საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ 22 მარტს, გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი  გამოცხადდა.

გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი  გზები. სიტუაციას ადგილზე სამართალდამცავები აკონტროლებენ.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.

საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რაოდენობა 67-მდე გაიზარდა, მათ შორის 9 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 252.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.