წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მოხალისეები თანაქალაქელებს აქტიურად ეხმარებიან – 56 გადამზადებული მოხალისე საკვებ პროდუქტებს ყოველდღიურად ურიგებს სათნოების სახლის ბენეფიციარებს და 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები შეჭირვებული ოჯახების საჭირებების კვლევა, რათა დროულად გაეწიოთ შესაბამისი დახმარება, – ამის შესახებ ნათქვამია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, დღეს საკვები პროდუქტები რამდენიმე მოქალაქეს თავად მუნიციპალტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა გადასცა.
„მოხალისეების რიცხვი გაიზრდება, გრძელდება მათი რეგისტრაციის პროცესი, ისინი უკვე რამდენიმე დღეა, ემსახურებიან როგორც ქალაქში, ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, მოხალისეები დაარეგულირებენ რიგებს ბანკებსა და სასურსათო მაღაზიებში, ჩვენ 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა თავი დაცულად იგრძნონ და გაეწიოთ ყველა საჭირო დახმარება”, – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.
ამ ეტაპზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დახმარებას 446 სოციალურად დაუცველი და 70 წელს გადაცილებული მოქალაქე საჭიროებს, მოხალისეები მიღებული რეკომენდაციების მიხედვით მათ მომსახურებასა და კვების პროდუქტებით უზრუნველყოფას განაგრძობენ.
23 მარტის მდგომარეობით, საქართველში კორონავირუსის დადასტურებული 54 შემთხვევა გამოვლინდა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ 22 მარტს, გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში კარანტინისას საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავს და საგანგებო რეჟიმს უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, პროცესში ჩართულია საქართველოს თავდაცვის ძალებიც.
შეგახსენებთ, COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.