ლევან დავითაშვილი: ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტრო 24 საათიან რეჟიმში მუშაობს

742

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ქვეყანაში სურსათის წარმოების და იმპორტის, არსებული მარაგებისა და ფასების კუთხით არსებული ვითარება განიხილა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული რეგულაციების პირობებში, მოსახლეობისთვის სურსათის შეუფერხებლად მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით, მინისტრმა მოადგილეებს კონკრეტული მიმართულებების მონიტორინგი და კონტროლი დაავალა.

უწყების ცნობით, ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრემიერთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს მიერ დადგენილ ძირითადი მოხმარების 9 სასურსათო პროდუქტზე (ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი, წიწიბურა და ლობიო) არ მოხდეს ფასების სპეკულაციური ზრდა, ასევე მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი პროდუქციის შეუფერხებელი მიწოდება.

“შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კლიმატური პირობების გამო არსებული მცირე შეფერხება ამ დღეებში სრულად აღმოიფხვრება. სახელმწიფომ ყველა რესურსი გამოიყენა, რათა უმოკლეს დროში მომხდარიყო საავტომობილო გზების გაწმენდა და ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, სურსათით დატვირთული, დაახლოებით, ათასზე მეტი ავტომანქანა ქვეყანაში შემოსულიყო. მიმდინარეობს ინტენსიური ღონისძიებები ფოთის პორტში შემოსული გემებიდან პროდუქციის შეუფერხებლად გადმოტვირთვის უზრუნველყოფისთვის.

სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფი მუდმივ კომუნიკაციაშია მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფაში ჩართულ ყველა რგოლთან და 24 საათიან რეჟიმში იღებს ინფორმაციას არსებული ვითარების შესახებ, რათა სურსათით და პირველადი მოხმარების პროდუქტებით მომარაგების კუთხით შეფერხება არ იყოს”,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ინფორმაციით, ახლი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომლის ფარგლებშიც, სასურსათო მარაგების მართვაზე, ლოგისტიკასა და ტრანსპორტირებაზე ზედამხედველობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს დაევალა.