19 მარტიდან გორის ავტოსადგურში ცვლილებები იგეგმება. კომპანია “ბუქო 777”-ის ხელმძღვანელის, ზურაბ ჭეჭელაშვილის განცხადებით, მგზავრთა გადასაყვანად ავტობუსები იმოძრავებს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
“მიკროავტობუსებს გავაჩერებთ და დიდ ავტობუსებს გადავანაწილებთ სხვადასხვა მიმართულებით. ასევე შეიცვლება განრიგიც. ორი ან სამი რეისის ნაცვლად, შესრულდება დღეში, მხოლოდ, ერთი რეისი სოფლებისა და სხვა რაიონების მიმართულებით,” – აცხადებს ზურაბ ჭეჭელაშვილი.
დღეს მძღოლები განრგზე ვერ შეთანხმდნენ. გეგმაზე მუშაობა ხვალაც გაგრძელდება.
ზურაბ ჭეჭელაშვილი ავტობუსების დანიშვნის მიზეზსაც განმარტავს:
“დიდი ავტობუსები იმიტომ ინიშნება, რომ მგზავრებს შორის მანძილი იყოს ერთი მეტრის დაშორება, რათა მგზავრობისას ხალხი ერთმანეთთან მჭიდროდ არ დასხდეს,” – განაცხადა ჭეჭელაშვილმა.
კორონავირუსთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობამ სპეციალური ღონისძიებების გატარება რეგიონის ხელმძღვანელებს დაავალა. დღეს შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა, რომ დაიკეტება ყველა ის კვების ობიექტი თუ რესტორანი, რომელიც საზოგადოების თავშეყრის ადგილს წარმოადგენს.