ქუთაისის ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშვილი აქციის მონაწილეებს შეხვდა. მოქალაქეები მერიისგან თავისუფლების ქუჩის რეაბილიტაციას მოითხოვენ. მათი თქმით, მაცხოვრებლებს მტვერის და ნაგვის გამო ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ.
„ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან გაგვირთულდა, ალერგიების და დაავადებების კერა წამოვიდა ბავშვებში, მოზრდილებში. ძალიან ცუდი სიტუაცია. ორი წელია ქუჩა წყლის გამო აიყარა, რამდენიმე თვის წინ დასრულდა სამუშაოები, მაგრამ გზას ისევ არ გვიკეთებენ“,-აცხადებს აქციის მონაწილე ციცინო გორგიძე.
აქციაზე ასევე იმყოფებოდა თავისუფლების ქუჩის მაჟორიტარი დეპუტატი ნატო ქათამაძე, რომელიც მოსახლეობის ინტერესებს იცავდა და ადგილობრივ თვითმმართველობას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებდა.
„მოსახლეობა აპროტესტებს მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას. ძალიან ცუდია, ამ ფორმით რომ მოუწიათ პროტესტის გამოხატვა. ისინი ღირსნი არიან ქონდეთ ისეთი პირობები, რომ ნორმალურად შეეძლოთ სუნთქვა. ჯერ კიდევ 2016 წელს უნდა გაეკეთებინა. მოვიკითხე, აღმოჩნდა, რომ პრიორიტეტებში არ ჩაჯდა ეს ქუჩა. როგორც ჩანს მერისთვის პრიორიტეტი არ არის მოსახლეობა ,,მისთვის პრიორიტეტი პირადი გადაწყვეტილებებია“,-აცხადებს ნატო ქათამაძე.
მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა ქუთაისის ვიცე-მერმა ნოდარ მიქიაშვილმა და დაპირდა, რომ სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.
„ქალაქში 21 სხვადსხვა ადგილზე მიმდინარეობს სამუშაოები. ყველა პრობლემის ერთდროულად მოწესრიგება შეუძლებელია. პირველ რიგში ვაწესრიგებთიმ ქუჩებს, სადაც იყო ასფალტის გზა და გადავჭერით წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო. თავისუფლების მე-4 შესახვევი, ამ შემთხვევაში ის გზაა, რომელიც კეთილმოწყობილი არ იყო. დაახლოებით ორი თვეა რაც დამთავრდა ეს სამუშაოები. შეთანხმება გვაქვს თურქულ კომპანიასთან, რომ მოწესრიგდეს და 2017 წლის ბოლომდე შეასრულოს მიზერული სამუშაოები. ვინაიდან 2018 წლიდან უნდა მოხდეს ქუჩების ხელახალი გადათხრა, რომ მოწესრიგდეს კანალიზაციის სისტემა“,-გაანაცხადა ვიცე-მერმა ნოდარ მიქიაშვილმა.
წყარო: ნიუპრესი