აჭარაში სამარშრუტო ტაქსების აკრძალვაზე მუნიციპალიტეტებმა “ფეისბუქ” გვერდებზე განმარტებები გააკეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
17 მარტს, საქართველოს პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო – მომეტებული საფრთხის გამო აიკრძალოს სამარშრუტო ტაქსების მუშაობა.
აჭარის მასშტაბით ათასობით სამარშრუტო ტაქსი მოძრაობს, თუმცა ქალაქებში პარალელურად მუნიციპალური ავტობუსები ფუნქციონირებს. მაღალმთიან აჭარასა და სოფლებში ამ ტიპის ტრანსპორტი არ არსებობს. უცნობია უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში მოქალაქეებისთვის რა ალტერნატიული ტრანსპორტი იმოძრავებს.
მუნიციპალიტეტების მერიის “ფეისბუქის” გვერდზე ოფიციალური განცხადებები გავრცელდა:
ხულოს მერიის მიერ ფეისბუქის გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, ხულოში სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა იკრძალება. დამატებითი განმარტება, დაინიშნება თუ არა განსაკუთრებული შემთხვევებისთვის ან გადაუდებელი აუცილებლობისთვის რაიმე ტიპის ტრანსპორტი, განმარტებები არ გაკეთებულა.
“საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ხვალ 18 მარტიდან სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალება. ვინაიდან აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება ვირუსის გავრცელებისთვის ყველაზე მომატებულ საფრთხის შემცველ ტრანსპორტად იქნა მიჩნეული. აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება ხულოში არსებული ყველა სამარშუტო ტაქსს” წერია მერიის განცხადებაში.
ხულოს მერიამ ასევე განმარტა, რომ ხულოში 18 მარტიდან კვების ობიექტები მხოლოდ მიტანის სერვისით უნდა შემოიფარგლონ.
რაც შეეხება ქედის მუნიციპალიტეტს, მერიის გადაწყვეტილებით ქედაში, 18 მარტიდან ქედა-ბათუმის სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა შეჩერდება. მათივე ინფორმაციით, მძღოლებს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია შპს ქედის ავტოტრანსპორტის საწარმოს დირექციამ უკვე მიაწოდა.
ხელვაჩაურის მერიის პრესსამსახურის განმარტებით, დაქვემდებარებაში ავტოტრანსპორტი არ არის, ხელვაჩაურის სოფლებში ბათუმიდან მიმავალი მიკროავტობუსები ფარავენ, რომლებზეც გადაწყვეტილებას ბათუმის მერია იღებს.
შუახევის მერიაში ამბობენ, რომ რადგან არ ჰყავთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, აქედან გამომდინარე ზუსტი გადაწყვეტილება ხვალ დღის მეორე ნახევარში ექნებათ, თუ რა ფორმით და სად შეიზღუდება ტრანსპორტის მოძრაობა.
ქობულეთს მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, აქაც აიკრძალება სამარშრუტო ტაქსები და ავტობუსების გრაფიკის შესახებ, ხვალ დილით გახდება ცნობილი.
განმარტებები გაკეთდა ბათუმის მერიაშიც. “ფეისბუქ” გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, “კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ხვალიდან ბათუმში, ისევე, როგორც მთელი საქართველოს მასშტაბით, დროებით შეჩერდება მიკროავტობუსების მომსახურება.
მიკროავტობუსები, როგორც შედარებით მცირე სივრცის მქონე ტრანსპორტი, ვირუსის გავრცელებისთვის მომატებული საფრთხის შემცველ ტრანსპორტად იქნა მიჩნეული. აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე გაიმართა შეხვედრა მიკროავტობუსების კომპანიებთან.
გარდა ამისა, მუნიციპალურ ავტობუსებში იზღუდება კონტროლიორების მუშაობაც. აღნიშნული გადაწყვეტილება არ იმოქმედებს მათ ხელფასებზე და ამ პერიოდის განმავლობაში კუთვნილ ანაზღაურებას ისინი ჩვეულებრივ მიიღებენ. პრევენციის მიზნით, ავტობუსის მძღოლისა და მგზავრთა დისტანცირება სპეციალური ლენტის საშუალებით მოხდება. ამასთან, მოქმედებაში იქნება მხოლოდ უკანა კარი.