რუსთავში შიდასაქალაქო მარშრუტზე მოძრავი მიკროავტობუსები ხვალიდან მუშაობას შეწყვეტს, თბილისი-რუსთავის მარშრუტზე კი შეზღუდვები დაწესდება

399

ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, რუსთავში შიდასაქალაქო მარშრუტზე მოძრავი ყველა მიკროავტობუსი ხვალიდან შეწყვეტს მუშაობას და მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსები მოემსახურება მგზავრებს.

თბილისი-რუსთავის მიმართულებით კი მიკროავტობუსების მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, კერძოდ კომპანია “ინტერტრანსი“ მგზავრებს მხოლოდ 6 მარშრუტზე მოემსახურება, 5 მიმართულებით კი რუსთავიდან თბილისში და პირიქით, მგზავრთა გადაყვანას დროებით შეაჩერებს.

აღნიშნული შეზღუდვების შესახებ განცხადება, ცოტა ხნის წინ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთეს.

როგორც შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა, ქვემო ქართლის რეგიონში სრულად შეიზღუდება სპორტდარბაზების და სპა-ცენტრების ფუნქციონირება. რეგიონის მასშტაბით, ბაგა-ბაღებისთვის განკუთვნილი, გამოუყენებელი საკვები პროდუქტი სოციალურ სასადილოებს, ბავშვთა სახლებსა და უშუალოდ სააღმზრდელო დაწესებულებების ბენეფიციარებს გადაეცემათ. როგორც სახელმწიფო რწმუნებულმა განაცხადა, საკვები პროდუქტის მარაგის დეფიციტი რეგიონში და ზოგადად ქვეყანაში არ არსებობს, ვინაიდან საზღვრებზე შეზღუდვები სატვირთო გადაზიდვებზე არ გავრცელებულა.

მისი თქმით, პრევენციის მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები სკოლებში, ბაღებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ადმინისტრაციულ შენობებში, სავაჭრო ობიექტებსა და ყველა აუცილებელ ლოკაციაზე. შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, რუსთავის მსგავსად, საქალაქთაშორისო მარშრუტებზე მგზავრთა გადაყვანაზე ხვალიდან შეზღუდვები დაწესდება ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტში. ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა და რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ მოქალაქეებს მოუწოდეს გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე თავი აარიდონ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას, პრევენციის მიზნით სახლში დარჩნენ და სრულად შეასრულონ ყველა ის რეკომენდაცია რომელიც დღეს არსებობს.