ზაალ უდუმაშვილი: თუ გავიმარჯვებ, იპოდრომს გამოვისყიდი

744

ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, პირველი, რაც დადგება დღის წესრიგში, იქნება თბილისის იპოდრომის გამოსყიდვის ინიციატივა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა დღეს, იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, იპოდრომის ტერიტორია ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ კომპანიას.

“ეს არის იპოდრომის ტერიტორია, უფრო ზუსტად კი, რაც დარჩა თბილისის იპიდრომისგან. ეკოლოგები ამ ადგილს ყოველთვის უწოდებდნენ, როგორც თბილისის ფილტვებს. დღეს ეს ტეროტორია მთლიანად ერთი ადამიანის საკუთრებაა. ის ბიძინა ივანიაშვილის კუთვნილებაა. საერთოდ, უცნობია თბილისელებისთვის ხვალ რა იქნება ამ ტერიტორიაზე. მიუხედავად იმისა, რომ აქ ინფრასტრუქტურა მოუწყობელია და ტრიალი მინდორია, უამრავი თბილისელი ყოველდღიურად მაინც მოდის სავარჯიშოდ ან უბრალოდ სასეირნოდ. თუმცა შესაძლებელია, რომ უახლოეს მომავალში აქ ჩვენ მივიღოთ რკინა-ბეტონის ახალი კონსტრუქციები და მივიღოთ ახალი ბეტონის ჯუნგლების უბანი, როგორც თბილისის სხვა რაიონებშია. თბილისს უნდა დავუბრუნოთ იპოდრომი. ჩემი გამარჯვების შემთხვევაში პირველი, რაც დადგება დღის წესრიგში, ეს იქნება თბილისის იპოდრომის გამოსყიდვის ინიციატივა. აქ უნდა გაშენდეს დედაქალაქის ცენტრალური პარკი სრული ინფრასტრუქტურით, სადაც ათასობით თბილისელი ყოველდღიურად შეძლებს მოსვლას და დასვენებას ოჯახებით. უნდა დავუბრუნოთ ამ ქალაქს მეტი სიმწვანე და მეტი სუფთა ჰაერი ჩვენს შვილებს”, – განაცხადა უდუმაშვილმა.

მისივე თქმით, ეს ტერიტორია ეკუთვნის “ინვესტ კაპიტალს”, ეს არის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანია, რომელმაც ეს ტერიტორია 2009 წელს შეიძინა.

ამასთან, როგორც უდუმაშვილმა აღნიშნა, პარკის გასაკეთებლად წელიწადნახევარი საკმარისი იქნება.

“აქ უკვე გაზრდილი ხეები უნდა გადმოვრგოთ, რომ ელემენტარულად ჩრდილი და სუფთა ჰაერიც მეტი იყოს, თუმცა ამაში, რა თქმა უნდა, არ იგულისხმება ასწლოვანი ხეების გადმოტანა აჭარიდან”, – განაცხადა უდუმაშვილმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი