გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო, მიმდინარე არდადეგების პერიოდში, ბაგა-ბაღებში გამოსაყენებელი არამალფუჭებადი პროდუქტების გაცემას გეგმავს.
სააგენტოს ხელმძღვანელის, ლია კოვზიაშვილის ინფორმაციით, პროდუქტები იმ აღსაზრდელებზე გაიცემა, რომელთა ოჯახებიც სოციალურად დაუცველთა სტატუსით სარგებლობენ.
„გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში 6000 აღსაზრდელი გვყავს, თუმცა, პროდუქტების შეკვეთისას არა სიას, არამედ ბავშვთა დასწრების მაჩვენებელს ვითვალისწინებთ. იქიდან გამომდინარე, რომ არდადეგების გამოცხადებამდეც თავისუფალი დასწრების რეჟიმი გვქონდა ბაღებში და არც ისე მაღალი იყო დასწრება, შესაბამისად, არც პროდუქტები გვქონდა დიდი რაოდენობით შეძენილი. თუმცა, დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს მარაგში არსებული არცერთი პროდუქტი არ გაფუჭდება და მათ სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებს გადავცემთ. სამწუხაროდ, არ გვაქვს ის მარაგი, რომ ყველა აღსაზრდელზე გაიცეს, ამიტომაც, ამ წუთებში მიმდინარეობს მონაცემების დამუშავება და ახლო მომავალში გვეცოდინება, რამდენ აღსაზრდელზე და რა ფორმით გაიცემა პროდუქტი“, – აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღანელმა, ლია კოვზიაშვილმა.