„თბილისის მიკროავტობუსი“: მერიასთან ხელშეკრულებით, კომპანიას მიკროავტობუსების მთლიანი ავტოპარკის შეცვლის ვალდებულება არ აქვს

2135

მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით კომპანია „თბილისის მიკროავტობუსს“  ვალდებულება არ აქვს 2018 წლიდან მიკროავტობუსების მთლიანი ავტოპარკი შეცვალოს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიაში განუცხადეს.

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსში“ კომენტარი გააკეთეს თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ კომპანიამ სამარშრუტო ტაქსები 2018 წლიდან უნდა განაახლოს.

„თბილისის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით, კომპანიას არანაირი ვალდებულება არ აქვს, მიკროავტობუსების მთლიანი ავტოპარკი შეცვალოს. მწყობრიდან გამოსვლის ან ექსპლუატაციის ვადის ამოწურვის შემთხვევაში,
სამარშრუტო ტაქსების ჩანაცვლების პროცესი პერიოდულად ისედაც ხდება“, – აცხადებენ კომპანიაში.

კომპანიაში არ დაუკონკრეტებიათ, დღემდე რამდენი სამარშრუტო ტაქსი შეიცვალა .

კომპანიის ინფორმაციით, დღის განმავლობაში ხაზებზე 1 800 მიკროავტობუსი მოძრაობს.

თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, რომ ე.წ. ყვითელ მიკროავტობუსებს ექსპლუატაციის ვადა ეწურება და 2018 წლიდან პარკი უნდა განახლდეს.

წყარო: ინტერპრესნიუსი