გორის მუნიციპალიტეტის მერია მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის.
“საქართველოს პრემიერ მინისტრის რეკომენდაციით, 13 მარტიდან გორის მუნიციპალიტეტის მერია შესაძლებლობის ფარგლებში დისტანციურ შრომის რეჟიმზე გადადის. აღნიშნული გადაწყვეტილება არ შეამცირებს შრომის ეფექტიანობას. მოქალაქეებს შეუზღუდავად მიეწოდებათ ყველა მუნიციპალური სერვისი. მიღებული გადაწყვეტილება არ ეხებათ უწყების ხელმძღვანელ პირებსა და იმ თანამშრომლებს, რომელთა დისტანციურ შრომის რეჟიმზე გადასვლა ზიანს მიაყენებს უწყების საქმიანობას. ისინი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ” – განმარტავენ უწყებაში.
მერიის ცნობით, საჭიროების შემთხვევაში დისტანციურ შრომის რეჟიმში გადასული თანამშრომელიც გამოცხადდება სამსახურში.
როგორც ცნობილია, შრომის აღნიშნული რეჟიმი გაგრძელდება ახალი გადაწყვეტილების მიღებამდე.
ასევე მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო. ადგილზე მხოლოდ 3 თანამშრომელი იმუშავებს.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ცენტრალური ხელისუფლების რეკომენდაციებს ითვალისწინებს და ორშაბათიდან მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის. საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელის ზაზა ნასყიდაშვილის თქმით, ეს ფაქტი საკრებულოს მუშაობაზე დიდ გავლენას არ მოახდენს.
“ხვალ საკრებულოს სხდომა ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება, ორშაბათიდან კი მე ვიქნები და ორ, ან სამ თანამშრომელს დავიტოვებ მხოლოდ და ასე გავარგრძელებთ მუშაობას. საკრებულოს წევრები ძირითადად კომისიებზე და ბიუროებზე მოდიან ასე , რომ ეს რაიმე ხელის შემშლელი არ არის, მათი სიარული ყოველდღიურ რეჟიმში ისედაც არ არის სავალდებულო”, – ამბობს ზაზა ნასყიდაშვილი.