13 მარტს, ქუთაისის რიგით მე-13 სხდომას დაინტერესებული პირები თვალყურს Facebook live-ის საშუალებით ადევნებენ. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი წერს.
„ერთის მხრივ არ უნდა დაირღვეს სხდომის საჯაროობის პრინციპი და მეორეს მხრივ, უნდა დავიცვათ პრევენციული ზომები. თუ მოქალაქეებს ექნებათ შეკითხვები, მათ იქვე შეუძლიათ მოგვწერონ და ვუპასუხებთ. უმჯობესია მაქსიმლურად გადავიდეთ დისტანციურ ურთიერთობაზე“,- აცხადებენ საკრებულოს პრესსამსახურში.
ამ დრომდე საკრებულოს სხდომები ადგილობრივი ტელევიზიის საშუალებით გადაიცემოდა.
ბოლო მონაცემებით COVID19 სულ 24 ადამიანს დაუდგინდა. მათი უმრავლეობა იტალიაში მოგზაურობის დროს დაინფიცირდა ან იტალიიდან ჩამოსულ ადამიანებთან ჰქონდა კონტაქტი. ინფექციურ საავადმყოფოში მხოლოდ სამი პაციენტი წევს სხვა ქვეყანაში მოგზაურობის ისტორიით, მათგან ორი ირანში იმყოფებოდა, ხოლო ერთი ესპანეთში.
ხელისუფლებამ ახალი ვირუსის პრევენციის მიზნით ზომები უკვე მიიღო. შეწყვეტილია საჰაერო მიმოსვლა ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის მქონე ქვეყნებთან – ჩინეთთან ირანთან და იტალიასთან. ქვეყანაში 13 აპრილამდე შეწყდა სასწავლო პროცესი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ყველა დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა.
COVID19 -ით მსოფლიოში 100 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, 3 000 -ზე მეტი კი გარდაიცვალა. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.
ვირუსი 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში, ქალაქ უჰანიდან გავრცელდა.