ქალაქ გურჯაანში გარევაჭრობა აიკრძალა

832

ქალაქ გურჯაანში გარევაჭრობა აიკრძალა. მოვაჭრეები ახლადგახსნილი აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე აგრძელებენ საქმიანობას, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა მოწყობილი და დაცულია ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები.

გარე მოვაჭრეების საკუთრებაში არსებული ძველი დახლების გატანა ქალაქის ქუჩებიდან, ეტაპობრივად მოხდება.

ძველი დახლების გატანის შემდეგ, პირველ ეტაპზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, მოაწესრიგებენ ბაზრის მიმდებარე ტერიტორიას, წმ. ნინოს ქუჩას და სანაპიროს ქუჩას. მეორე ეტაპი, რომელიც ბაზრის მიმდებარე ე.წ. ახტლის ხევის სრულად გაწმენდას ითვალისწინებს, ტენდერის ფარგლებში განხორციელდება, რომელსაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია უახლოეს მომავალში გამოაცხადებს.

“დღეიდან გარემოვაჭრეები, ჩვენი შეთანხმებისამებრ, ბაზრის ტერიტორიაზე განთავსდნენ და იქ აგრძელებენ საქმიანობას. მინდა აღვნიშნო, რომ გარემოვაჭრეების მხრიდან არ ყოფილა არანარი წინააღმდეგობა ბაზარში გადასვლასთან დაკავშირებით. ჩვენ მათ მივეცით პირობა, რომ ბაზარში იქნებოდა შექმნილი ყველა პირობა მათი საქმიანობისთვის და ეს ასეც მოხდა. გარევაჭრობის საკითხის გადაჭრა წლების განმავლობაში ყველა გურჯაანელის სურვილი და მოთხოვნა იყო, რაც აუცილებლად უნდა დასრულებულიყო. ” – აღნიშნა არჩილ ხანდამაშვილმა.

როგორც მერიაში აცხადებენ, გარემოვაჭრეების ბაზრის ტერიტორიაზი განთვასების შედეგად რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გადაიჭრა – გათავისუფლდა და მოწესრიგდა მოძრაობა ლაგოდეხი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე, რომლის სავალი გზის ნაწილიც გარემოვაჭრეებს ჰქონდათ დაკავებული და ავტომანქანების მოძრაობას აფერხებდა.