ქუთაისში ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა დროებით მუშაობას წყვეტს. როგორც ბიბლიოთეკის პრესსამსაურში განმარტავენ, ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ბიბლიოთეკის დროებით დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
” წიგნს ბევრი ეხება, ხელიდანხელში გადადის, ტურისტებიც საკმაოდ მოდიან, ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, დროებით შევაჩეროთ სამუშაო პროცესი”, – ამბობს პრესსამსახურის წარმომადგენელი ციცი ჯინჯიხაძე.
ილია ჭავაჭავაძის საჯარო ბიბლიოთეკა მუშაობას ორშაბათს, 16 მარტს განაახლებს. ასევე, 16 მარტს განახლდება სასწავლო პროცესი სკოლებსა და ბაღებშიც.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 15 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 141. სტაციონარში კი მეთვალყურეობას გადის 51 ადამიანი.
ხელისუფლებამ ახალი ვირუსის პრევენციის მიზნით ზომები უკვე მიიღო. შეწყვეტილია საჰაერო მიმოსვლა ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის მქონე ქვეყნებთან – ჩინეთთან, ირანთან და იტალიასთან.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ყველა დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა.
COVID19 -ით მსოფლიოში 100 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, 3 000 -ზე მეტი კი გარდაიცვალა. კორონავირუსი ყველაზე მეტად გავრცელებულია ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.
ვირუსის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში, ქალაქ უჰანში დაიწყო.