ქუთაისში მესხიშვილის თეატრის სრული რეაბილიტაცია შესაძლოა წელს არ დაიწყოს. როგორც რადიო “ძველ ქალაქს” თეატრის დირექტორმა სულხან გოგოლაშვილმა განუცხადა, მიმდინარე წელს სავარაუდოდ მხოლოდ პროექტის შედგენა მოხდება. ინფორმაციას რადიო ძველი ქალაქი ავრცელებს.
“მინისტრმა თქვა, რომ თეატრის ექვემდებარება სრულ რეაბილიტაციას იმიტომ,რომ პრაქტიკულად 70 წლის მანძილზე სრული რეაბილიტაცია არ მომხდარა.ჩვენ ვკონტაქტობთ სამინისტროსთან, ჩამოდიან ეცნობიან ხან არქიტექტორები, ხან პირადად სამინისტროს წარმომადგენლები.წელს მინდოდა რეაბილიტაცია დაწყებულიყო, თუმცა წელს ეს ალბათ არ გამოვა, თუმცა ინტენსიურ რეჟიმში ვმუშაობთ სამინისტროსთან და ნელ-ნელა დგება პროექტი. მნიშვნელოვანია წელს გადაწყდეს პროექტის შემუშავება. სამინისტრომ მოიწერა და პროექტისათვის პრაქტიკულად გამოყოფილია თანხა. ერთ-ერთმა კომპანიამ, რომელმაც განაცხადა, რომ საკმაოდ კარგ ფასში მოამზადებდა პროექტს უარი განაცხადა და ამან შეაფერხა სრულფასოვანი პროექტი დადება,” – განაცხადა სულხან გოგოლაშილმა.
ქუთაისში ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრის სრული რეაბილიტაცია 2020 წლის მაისში უნდა დაწყებულიყო.
რა თანხა დაჯდება თეატრის სრული რეაბილიტაცია ჯერჯერობით უცნობია.