წელს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი დამატებით 6 დასახლებას მიენიჭა და შედეგად მთის კანონით გათვალისწინებული შეღავათები უკვე 1737 დასახლებაზე ვრცელდება. ამ დასახლებებში 248 450 ადამიანი სარგებლობს კანონით დადგენილი შეღავათებით. კანონის ამოქმედებიდან 2019 წლის ჩათვლით სახელმწიფომ 310 მლნ ლარი მიმართა მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭრისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, პარლამენტში, „მინისტრის საათზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ვიცე-პრემიერმა ისაუბრა „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე 19 დასახლებას მიენიჭება მაღალმთიანი დასახლების სტატუსი. „თქვენი მოწონების შემთხვევაში, იმ 4 მუნიციპალიტეტში, სადაც დასახლებათა 80% არის მაღალმთიანი, დარჩენილ 39 დასახლებასაც მიენიჭება მაღალმთიანი დასახლების სტატუსი. ასევე, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები სტატუსის მოსაპოვებლად 9-დან 6 თვემდე შემცირდება 2000 მეტრზე ზემოთ მდებარე დასახლების მუდმივი ცხოვრების ვადა. ამ ცვლილებების შედეგად დაახლოებით 25 ათასი ადამიანი 58 დასახლებაში ისარგებლებს კანონით დადგენილი შეღავათებით“, – მიმართა პარლამენტს მაია ცქიტიშვილმა.
მინისტრმა აღნიშნა ისიც, რომ 2019 წელს მთაში მცხოვრები 207 ოჯახისთვის შეძენილია მზის პანელები მათი ელექტროენერგიით უზრუნველყოფის მიზნით. ასევე, დაფინანსდა ინტერნეტის გაყვანა ფშავ-ხევსურეთში და გუდამაყრის ხეობაში.