ლევან გოგიჩაიშვილი: ვიღაცებს დიდი მადა აქვთ „მზიურთან“ დაკავშირებით და ვერ ამოვყორეთ ამ ადამიანების ინტერესები

1442

როგორც ჩანს, ვიღაცებს ძალიან დიდი მადა აქვთ ამ „მზიურთან“ დაკავშირებით და ვერ ამოვყორეთ ამ ადამიანების ინტერესები „მზიურის“ გაჩანაგებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა, როდესაც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მისულ რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს კითხვით მიმართა.

ლევან გოგიჩაიშვილი დაინტერესდა, რა ეტაპზეა ხილიანის ქუჩიდან „მზიურის პარკთან“ დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობის პროცესი.

„რამდენადაც ვიცი, პროექტი არის გამოცხადებული ხილიანიდან „მზიურში“ ხიდის გაკეთების შესახებ. როგორც ვიცი, თქვენი მუნიციპალური განვითარების ფონდმა აიღო პროექტი. მინდა აღვნიშნო, პარალელურად რემონტდება და კარგად კეთდება „მზიური“, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ პატარა მიწის ნაკვეთი რომ კერძო საკუთრებაშია, რაღაცნაირად თავი მოგებათ ან სახელმწიფოს, ან გაგვერკვია და მთლიანი სივრცე აგვეთვისებინა, რადგან გამოდის, რომ კეთდება ¾ და ¼ ჰაერში რჩება.

კარგი იქნებოდა, თუ ერთიანი ხედვა იქნებოდა, იმიტომ, რომ როგორც ჩანს, ვიღაცებს ძალიან დიდი მადა აქვთ „მზიურთან“ დაკავშირებით და ვერ ამოვყორეთ ამ ადამიანების ინტერესები „მზიურის“ გაჩანაგებასთან დაკავშირებით. ყველას ეხება ვისაც კი „მზიურთან“ ოდესმე შეხება ჰქონია და „მზიურის“ მიწები მიუტაცია სახელმწიფო წარმომადგენლების მხარდაჭერით. მე მაინტერესებს, ამ ხიდთან დაკავშირებით რა ეტაპზე ვართ, იმიტომ, რო ეს ხიდი დოლიძელებისთვის და ხილიანელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, იმიტომ, რომ დაახლოებით 8 000-იან დასახლებას პირდაპირ „მზიურს“ დავუკავშირებუთ“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.