ხაშურის მერია მდინარე სურამულას კალაპოტიდან ნაშალი მასალის გატანისთვის ნახევარ მილიონს დახარჯავს

463

წყალდიდობის დაწყებამდე მდინარე სურამულას კალაპოტიდან ნაშალი მასალის ამოღებას გეგმავენ. ამისათვის ხაშურის მერია დაახლოებით 0,5 მლნ ლარს დახარჯავს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.

კომპანია ,,არქიტექტორი” მერიას ურჩევს, რომ სამუშაოები წყალმცირობის პერიოდში დაიწყო. საუბარია დაახლოებით 7 კმ სიგრძის მონაკვეთზე. კომპანია ,,არქიტექტორმა” კვლევა მიმდინარე წლის 15 იანვარს დაიწყო და დასკვნა მერიას გაუგზავნა.

ანგარიშის მიხედვით, მთიდან ჩამოტანილი ნაშალი მასალა ძირითადად დაგროვდა სურამის გასასვლელიდან მდინარე მტკვრის შესართავამდე:

“ადგილობრივი პირობებიდან გამომდინარე, არსებული მდინარის გადაგდება შეუძლებელია ამიტომ კალაპოტის გასუფთავება უნდა მოხდეს უშალოდ წყლის ნაკადში. იმის გამო, რომ ექსკავატორით შესვლა ცალკეულ მონაკვეთებზე ვერ მოხერხდება, საჭიროა სამუშაოებში ჩართული იყოს ბულდოზერი, რომელიც მიუგროვებს მასალას, ექსკავატორს ამოსაღებად,” – აღნიშნულია ანგარიშში.

სპეციალისტების აზრით, სამუშაოების წარმოებისას ყურადრება უნდა მიქცეს იმას, რომ არ მოხდეს მდინარე სურამულაზე არსებული სახიდე გადასასვლელებისა და კერძო საკარმიდამო ნაკვეთების ღობეების, ასევე მდინარე სურამულას გადამკვეთი წყლის მილების დაზიანება.

“შესასრულებელი სამუშაოს მოცულობიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მიგვაჩნია სამუშაოების ჩატარდეს ორ მონაკვეთად ცალ-ცალკე. თითოეულ მონაკვეთზე იმუშავებს ორი ექსკავატორი (მდინარის სხვადასხვა ნაპირზე) და ერთი ბულდოზერი,” – წერია ანგარიშში.

მდინარე სურამულა სათავეს იღებს ლიხის (სურამის) წყალგამყოფი ქედის აღმოსავლეთ ფერდობზე, მთა ედის ჯვრის (1319,7 მეტრი) სამხრეთ-დასავლეთით ზღვის დონიდან 1200 მეტრ სიმაღლეზე და ერთვის მდინარე მტკვარს სოფელ ცხისის ჩრდილო-დასავლეთით 850 მეტრში 683 მეტრ სიმაღლეზე. მდინარის სიგრძე 24, 1 კმ, ვარდნა ამ მონაკვეთზე შეადგენს 517 მეტრს.