თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერში გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია, რომელიც შეშელიძის ქუჩის მიმდებარედ, დამეწყრილი უბნის საყრდენი კედლებით გამაგრების პროექტირება-მშენებლობის სამუშაოებს ახორციელებს. უკვე დასრულებულია პროექტირების ეტაპი და სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
მისივე თქმითთ, ამ ეტაპზე, ტერიტორიაზე ფერდის ჩამოშლა ხდება, რაც საშიშროებას უქმნის, როგორც მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებს და ადგილობრივ მცხოვრებლებს, ასევე, შეშელიძის ქუჩას.
“პროექტის შესაბამისად, საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მეწყერსაწინააღმდეგო დამჭერი კონსტრუქცია მოეწყო, რომელიც დამეწყრილი ფერდობის მდგრადობის მისაღწევად აუცილებელ პირობას წარმოადგენს.
პროექტის ღირებულება 20 874 000 ლარს შეადგენს. სამუშაოებს, რომელიც 2021 წლის მარტში დასრულდება, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სი არ პი“ ახორციელებს”, – აცხადებენ მერიაში.