ხაშურის მერის დავალება არ შეასრულეს – კომპანიამ 20 სკოლის ნაცვლად 3 სკოლის მდგომარეობა შეისწავლა

1185

ხაშურის მერიის მიერ დაგეგმილი მასშტაბური პროექტის განხორციელება 2020 წლისთვის საფრთხის ქვეშაა. მერია 1 სექტემბრამდე 20 სკოლის რეაბილიტაციას გეგმავს. თუმცა, ამ სკოლების მდგომარეობის შესახებ დოკუმენტები არ შეუდგინეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს. 

2019 წლის ოქტომბერში კომპანია “ფროჯექთ გრუფს”, ოცი სკოლის შესახებ, სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების წარმოება დაავალეს. “ფროჯექთ გრუპმა” ოცი სკოლის ნაცვლად, მერიას მხოლოდ სამი სკოლის პროექტი წარუდგინა, ისიც არასრულყოფილი.

ხაშურის მერია არც ამ სამი სკოლის პროექტს ენდობა და მის შესწავლაზე უარი განაცხადა. კომპანია “ფროჯექთ გრუფს” 20 სკოლის სარეაბილიტაციო პროექტების შედგენა 2020 წლის 24 იანვარს უნდა დაესრულებინა. თუმცა, როგორც ხაშურის მერიაში აცხადებენ, პრევენციის მიზნით, კომპანია, ერთი თვით ადრე, 2019 წლის დეკემბერში ჩამოაშორეს საქმე.

“იმის გათვალისწინებით, რომ არსებობდა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ კომპანია ხელშეკრულების მოქმედების ვადაშიც ვერ შეასრულებდა ვალდებულებებს, რაც საფრთხეს უქმნიდა 2020 წლის სასწავლო პროცესის დაწყებას, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ხელშეკრულების შეწყვეტა.” – აცხადებენ ხაშურის მერიაში.

კომპანია “ფროჯექთ გრუპმა” ტენდერში 2019 წლის ოქტომბერში გაიმარჯვა. მან ტენდერში გამარჯვების მიზნით 38 ათასი ლარის ნაცვლად დაახლოებით 31 ათასი ლარი მიუთითა.

მის მოვალეობაში შედიოდა სკოლებში არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალის; საპროექტო მუშა ნახაზების, საჭიროების შემთხვევაში ელ. მომარაგების ქსელის; ცენტრალური გათბობის სქემების, ვინტილაციის სქემების, სამუშაოთა მოცულობების და ა.შ. დეტალების მომზადება.

საპროექტო ორგანიზაცია ბათუმშია რეგისტრირებული. მან ხაშურის მერიას სარეკომენდაციო წერილები გაუგზავნა, რომლის მიხედვით ოზურგეთის, თიანეთის, ვანისა და სხვა ქალაქების მერიები მისი მუშაობით კმაყოფილები იყვნენ.