რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ქართული სუფრისთვის ეროვნული სტატუსის მინიჭება ის პრაქტიკა არის, რომელსაც ბევრი ქვეყანა თავისი კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციისთვის მიმართავს.
მისივე თქმით, ქართული სუფრა არ არის ქეიფი, ეს არის ტრადიცია.
„თქვენ ნახავთ საქართველოს მთავრობის განკარგულებას, რომლითაც მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ქართულ ჭიდაობას, მრავალხმიანობას, ქართულ ანბანს. ეს არის ტრადიცია, კულტურა, ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილი.
როცა სუფრაზე ვსაუბრობთ, ეს არ არის ქეიფი, ეს არის ქართული სუფრის ტრადიცია. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ქართულ სუფრას აქვს დიდი ტრადიცია. ქართველებს გვყავს თამადა, სუფრაზე გვაქვს სადღეგრძელოები, რომელსაც აქვს თანმიმდევრობაც კი.
როცა ჩვენ ვსაუბრობთ ასეთი ტიპის არამატერიალური სტატუსის მინიჭებაზე, ეს არის საშუალება, რომ ჩვენ უმაღლეს დონეზე მოვახდინოთ ჩვენი იდენტობის პოპულარიზაცია. მოდი, ქილიკის ნაცვლად, ვიამაყოთ იმით, რაც გვაქვს და ყველა ვეცადოთ, ერთად მოვახდინოთ ამის დაცვაც, პოპულარიზაციაც. როცა ტურიზმის განვითარებაზე ვსაუბრობთ, საქართველოში ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოდის სწორედ იმ ქართული ბუნების, ქართული კულტურის, ხასიათის და მათ შორის ქართული სუფრის გამო”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს – „ქართულ მრავალხმიანობასა“ და „ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას (ქართული სუფრა)“ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა.