ცქიტიშვილი: მიმდინარე სამუშაოებშია, დაახლოებით, 140 კმ საერთაშორისო მაგისტრალის მშენებლობა, საიდანაც 70 კმ წელს დასრულდება

616

„მიმდინარე სამუშაოებში ჩვენ გვაქვს, დაახლოებით, 140 კილომეტრი საერთაშორისო მაგისტრალის მშენებლობა, საიდანაც 70 კილომეტრის მშენებლობა დასრულდება უკვე 2020 წელს“, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ეკონომიკურ კონფერენციაზე “საქართველო და მსოდლიო 2020“ განაცხადა.

მისი თქმით, დიდ სავაჭრო პარტნიორებთან ურთიერთობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის გეოსტრატეგიული მდგომარეობით ვისარგებლოთ.

„ჩვენი ქვეყნის კავშირი ევროკავშირთან, სხვა ჩვენს დიდ სავაჭრო პარტნიორებთან არის აუცილებელი იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკა განვითარდეს, იმისთვის რომ ჩვენი ეკონომიკური ზრდა იყოს სტაბილური და მაღალი და გარდა ამისა, ჩვენ ვისარგებლოთ სრულად იმ გეოსტრატეგიული მდებარეობით და იმ შესაძლებლობით, რასაც გვაძლევს ის არაერთი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელსაც ჩვენი ქვეყანა აფორმებს დიდ სავაჭრო პარტნიორებთან. ამდენად, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტული განვითარება არის აუცილებელი ფაქტორი და ამ თვალსაზრისით, ჩვენი ინფასტრუქტურული პროექტებიდან გამოვყოფდი საგზაო ინფრასტრუქტურას, იმ საერთაშორისო მაგისტრალების მშენებლობას, რომელიც მიმდინარეობს უკვე ძალიან აქტიურად. თუ ჩვენ შარშანდელ კონფერენციაზე წარმოგიდგენდით გეგმებს, წელს უკვე თვალსაჩინოა ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც მგზავრობს ჩვენი ქვეყნის ფარგლებში, რომ ეს სამუშაოები უკვე ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოებში ჩვენ გვაქვს დაახლოებით 140 კილომეტრი საერთაშორისო მაგისტრალის მშენებლობა, საიდანაც 70 კილომეტრის მშენებლობა დასრულდება უკვე 2020 წელს, რაც ასევე ხელშესახები იქნება არა მხოლოდ საერთაშორისო გადაზიდვების თვალსაზრისით, არამედ ჩვენთვისაც, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.