სურამში ლესია უკრაინკას სახლ-მუზეუმის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია იწყება

823

სურამში ცნობილი უკრაინელი პოეტისა და მწერლის, ლესია უკრაინკას სახლ-მუზეუმის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია იწყება.

წინასარეაბილიტაციო პროცესს დაბა სურამში დღეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ხოჯევანიშვილთან და უკრაინის სრულუფლებიან ელჩთან იგორ დოლგოვთან ერთად გაეცნო.

როგორც კულტურილი მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში აცხადებენ, მუზეუმის ნაგებობის სრული დაზიანება მეწყრულმა პროცესებმა გამოიწვია, რის შედეგად გადაწყდა მისი დაშლა და ხელახლა აგება.

გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე მომზადებული არქიტექტურული პროექტის თანახმად, რომელიც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით კომპანია „არტ-ბილდინგმა“ შეასრულა, აუთენტური ფორმით აშენდება ახალი სამუზეუმო შენობა. რეკონსტრუქციის შედეგად განახლდება სახლ-მუზეუმის ეზოს ინფრასტრუქტურა.

თანამედროვე სტანდარტებით მოეწყობა სამუზეუმო სივრცე, რომელიც ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. განახლდება მუზეუმის გალავანი და მისი ყველა ელემენტი. საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად, მოეწყობა ფონდსაცავები. სამუზეუმო ექსპოზიცია სახლ-მუზეუმის თანამედოვე მუზეოგრაფიის კონცეფციას დაექვემდებარება, რაც მას მეტ შინაარსობრივ დატვირთვას შესძენს. სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია 2021 წელს დასრულდება.

მემორიალური სახლის აღდგენისა და სამუზეუმო მოწყობის ინიციატივა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, საქართველოში უკრაინის სრულუფლებიან ელჩს იგორ დოლგოვს ეკუთვნის, რომელიც სარეაბილიტაციო პროცესში აქტიურად არის ჩართული.

ლესია უკრაინკას მემორიალური მუზეუმი ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, სურამელი აზნაურის, ცნობილი ეთნოგრაფის ნიკოლოზ აბაზაძის XIX საუკუნის სახლშია გახსნილი. მუზეუმის ფონდებში დაცულია ლესია უკრაინკას ცხოვრებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებული მასალები: პოეტის კრებულები, ხელნაწერები, სხვადასხვა ხასიათის დოკუმენტები, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ნუმიზმატიკური, ფოტო და ეთნოგრაფიული მასალა. მუზეუმის გახსნის ინიციატორი მწერალი გიორგი ლეონიძე იყო.