ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალურ საცხოვრისში მერიის თანამშრომლის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.
საცხოვრისის მობინადრეებსა და მერიის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც მერიის საბინაო სამსახურის თანამშრომლებმა ერთი ადამიანი შესასახლებლად მიიყვანეს.
“დერეფანში მოხდა დაპირისპირება. თქვენც ხედავთ, ნაცემია ადამიანი. ეს ყველაფერი კი იმან გამოიწვია, რომ უსახლკარო ქალი მოვიყვანეთ, უნდა შეგვესახლებინა. მაგრამ გაგიჟდნენ, არ გვინდა “ბომჟიო”. ამ დაპირისპირებამ გაართულა სიტუაცია და არ ვიცით სად წავიყვანოთ ეს ადამიანი”, – ამბობს მერიის საბინაო სამსახურის უფროსი ჯონი არაბიძე, რომელიც შემთხვევის დროს ადგილზე იმყოფებოდა.
საცხოვრისის მკვიდრები აცხადებენ, რომ ისინი არ დაუშვებენ ობიექტში ყველა უსახლკარო ადამიანის შესახლებას.
“მერიის თანამშრომლებმა მოიყვანეს ქალი და როგორც მე და ჩემი შვილი, ასევე, სხვებიც წინააღმდეგი ვიყავით. ჩემს შვილს ეჭირა ბავშვი, რომელიც ეუბნებოდა მერიის ხალხს, რომ არ გვინდოდა მისი შემოსახლება, რადგან ” ბომჟია”. ამ დროს, მერიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მაჯაზე უხეშად მოჰკიდა ხელი, რასაც სხვა მობინადრეების მხრიდან მერიის თანამშრომლის ცემა მოჰყვა. მერიის თანამშრომელს დღეს მოხვდა ხელი და ჩვენ აქ ყოველდღე გვაქვს ცემა-ტყეპა. არ გვინდა, ამ საცხოვრისში შემოასახლონ ყველა უსახლკარო. ბავშვები გვეზრდება და ეზოში მარტო ვეღარ ვუშვებთ. კატეგორიებად უნდა მოხდეს ადამიანების დაყოფა და ამის მიხედვით ფართებით დაკმაყოფილება”, – ამბობს ერთ-ერთი ბინადარი ირანდა ნემსიწვერიძე.
ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო და საპატრულო პოლიცია.
უსახლკარო, 64 წლის თინათინ კაცაძე, საცხოვრისის მეხუთე სართულზე, ერთ-ერთ ოთახში უნდა შესულყო საცხოვრებლად, თუმცა, დაპირისპირების შემდეგ მერიის თანამშრომლებმა ის უკან გააბრუნეს.
ქუთაისის სოციალურ საცოვრისში ამ დროისთვის 86 ოჯახი ცხოვრობს.