წინასწარ იმის დაფიქსირება, რომ ვეტო იქნება დაძლეული, არ არის საკითხისადმი სწორი მიდგომა, – ამის შესახებ “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს მოისმინა უმრავლესობის წევრების განცხადება, რომ “თვითმმართველობის კოდექსში” დაგეგმილ ცვლილებებზე ვეტოს დაძლევას შეძლებენ.
“ვფიქრობ, წინასწარ ასეთი განცხადებების გაკეთება არასწორია, იმიტომ, რომ, თუ პრეზიდენტი გადაწყვეტს ვეტოს დადებას, აუცილებელია მისი არგუმენტების გაცნობა და, შესაბამისად, წინასწარ იმის დაფიქსირება, რომ ვეტო იქნება დაძლეული, არ არის საკითხისადმი სწორი მიდგომა”, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
მისი განმარტებით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები, რეალურად, ხელს არ უწყობს თვითმმართველობების გაძლიერებას, პირიქით, ასუსტებს მას და დეცენტრალიზაციის ხარისხს, რაც უარყოფითად აისახება დემოკრატიის განვითარებაზე.
ანა ნაცვლიშვილი პრეზიდენტს მოუწოდებს, გამოიყენოს ვეტოს უფლება, რის შემდეგაც პარლამენტს ვალდებულება ექნება, იმსჯელოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე.
“თვითმმართველობის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ჩვენ თავიდანვე გვქონდა მკვეთრი პოზიცია. სამწუხაროდ, მთლიანად პროცესი მნიშვნელოვანი ხარვეზებით წარიმართა – ადგილობრივი მოსახლეობა პროცესში ჩართული არ ყოფილა, რაც, ერთი მხრივ, არის ძალიან არადემოკრატიული და მეორე მხრივ, პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონით დადგენილ მოთხოვნებს. სწორედ ამ ნაწილში ეს გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ საერთო სასამართლოებში და ველოდებით სასამართლოს განაჩენს.
გარდა ამისა, ჩვენ გვქონდა სამუშაო შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან იმიტომ, რომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ცალსახად მივიჩნევთ, რომ ეს პროექტი, პროცედურის და შინაარსის ჩათვლით, არის საზიანო დეცენტრალიზაციისთვის. დეცენტრალიზაცია ბუნებრივად ნიშნავს მეტ დემოკრატიას და უფრო ეფექტურ თვითმმართველობას, ამიტომ არასწორია, როცა 3 წლის წინ დაწყებულ რეფორმას სრულიად რადიკალურად უცვლიან კურსს ისე, რომ ჩვენ ამ დრომდე ვერ მოვისმინეთ მყარი და არგუმენტირებული შეფასება, რატომ ვერ გაამართლა 3 წლის წინ მიღებულმა გადაწყვეტილებამ და რატომ არის აუცილებელი და სწორი თვითმმართველობის არსის რადიკალურად განსხვავებულ რელსებზე დაყენება”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
პარლამენტში “ქართული ოცნების” წევრებმა რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ, თუ პრეზიდენტის “თვითმმართველობის კოდექსში” შესატან ცვლილებებს ვეტოს დაადებს, ისინი მას უპრობლემოდ დაძლევენ.
წყარო: ინტერპრესნიუსი