გორის სოფელ ვარიანის მეურნეობის დასახლებაში მცხოვრები ეთერ ვანიშვილი აცხადებს, რომ მისთვის განკუთვნილი შეშა სხვას მიუტანეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
სოციალურად დაუცველი ეთერ ვანიშვილი ამბობს, რომ მერიამ სკოლის ეზოში ხეები გადაბელა და წაღება ერთი კვირის წინ შესთავაზა.
“მივედი, ვნახე და ისეთი მორები იყო, მე იმის არც დამჭრელი ვიყავი და არც სახლამდე მომტანი. ამის საშუალება მე არ მაქვს. ანალოგიურად შეპირდნენ კობერიძეების ოჯახს. ვერც იმათ წამოიღეს შეშა. სამაგიეროდ, სხვას დაუჭრეს და მიუტანეს სახლში,” – აცხადებს ეთერ ვანიშვილი.
ეთერ ვანიშვილი ამჟამად გასათბობად ნახერხს იყენებს. ამბობს, რომ სახლის გათბობა ბუნებრივი აირის გამათბობლით ძვირი ჯდება.
ანალოგიური შინაარსის პრეტენზია ადგილობრივი ხელისუფლების მისამართით ლია კობერიძემ გამოთქვა. კობერიძის თქმით, მერის წარმომადგენელმა შეშა იმ ოჯახებს მიუტანა, რომელიც “ქართული ოცნების” პოლიტიკურ მხარდაჭერად გამოადგება
ლია კობერიძე 4 შვილთან ერთად ვარიანის მეურნეობის დასახლებაში ცხოვრობს. მას მერის წარმომადგენელი შეშის მიტანას დაპირდა, თუმცა მისთვის განკუთვნილი ხის მასალა სხვა სოციალურად დაუცველს ოჯახს გაუგზავნეს.
საერთო საცხოვრებელში ჭერი, კიბე და კედლები დაზიანებულია. სახლის გათბობისთვის მცხოვრებლებს დიდი რაოდენობით შეშა სჭირდებათ.
ლია კობერიძე ამბობს, რომ მოტყუებული დატოვეს. ის ოჯახი კი, ვისაც, მის ნაცვლად შეშა მიუტანეს, ადგილობრივი ხელისუფლების მხარდამჭერია.
გორის მერის წარმომადგენელი ვარიანის თემში პაატა კოკაური აცხადებს, რომ მეურნეობის დასახლებაში მცხოვრები ოჯახების წარმომადგენელთა პრეტენზიები უსაფუძვლოა:
“ჩვენ შევთავაზეთ ის რესურს, რაც გაგვაჩნდა. 10 დღე ველოდეთ…. ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ სახლში მივუტანოთ, რომ არ გამოჩნდა, სოფელ საქაშეთში მცხოვრებ სხვა ოჯახს გავუგზავნეთ. იმ ოჯახმა დაიხმარა ხალხი, შეშაც დაჭერეს და ადგილამდეც მიიტანეს,” – აცხადებს ვარიანის წარმომადგენელი პაატა კოკაური.