საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დეპარტამენტმა მის მართვაში არსებულ პროექტებზე დასაქმებულ ჩინურ კომპნიებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან დამატებითი სამუშაო ძალის შემოყვანაზე დროებით თავის შეკავება მოსთხოვა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის განმარტებით, შეზღუდვა გაგრძელდება იმ დრომდე, სანამ შესაბამისი სამსახურები არ დარწმუნდებიან, რომ კომპანიები სათანადოდ იცავენ დაავადების პრევენციისთვის საჭირო ყველა სტანდარტსა და რეკომენდაციას.
„ასეთი შეზღუდვის დაწესება განაპირობა 22 თებერვალს ჩინეთიდან ჩამოსული ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომლების განთავსებასთან დაკავშირებით გაჩენილმა კითხვებმა“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
ცნობისათვის, ჩქარსნული მაგისტრალის ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებელი კომპანია „ჰუნანის“ ინფორმაციით, 22 თებერვალს, ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული შვიდი თანამშრომელი, პრევენციის მიზნით, სამშენებლო ბანაკის ტერიტორიაზე მდებარე ცალკე საცხოვრებელში განთავსდა.
“მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ მათგანს ვირუსის არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება და არც ერთი მათგანი არ არის ჩინეთის ქალაქ უხანიდან, კომპანიის გადაწყვეტილებით, შვიდივე თანამშრომელი სამშენებლო ბანაკის იზოლირებულ შენობაში გაივლის საკარანტინო პერიოდს. ამასთან, ჩინეთის მოქალაქეებზე მუდმივ სამედიცინო მეთვალყურეობას კომპანიის ექიმი განახორციელებს“, – ნათქვამია რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.