ოზურგეთის მერია 8 მარტს 40 ქალისთვის მიქსერების ჩუქებას აპირებს

901

ოზურგეთის მერია აპირებს, რომ 8 მარტს გამართოს ღონისძიება, რა დროსაც 40 ქალს საჩქრად მიქსერებს გადასცემს. ამისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ 11 460 ლარი გამოყო. შესაბამისი ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზე უკვე გამოქვეყნებულია. ინფორმაციას გურიანიუსი ავრცელებს.

სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ღონისძიების მსვლელობის დროს დასაჯილდოებელ 40 ქალბატონს უნდა გადაეცეს ფასიანი საჩუქრები: სამზარეულო ტექნიკა _ მიქსერი სადგამითა და მეტალის ქვაბით (ქვაბის ზომა არანაკლებ 2 ლიტრისა). დანართი #2-ში მოცემულია საჩუქრის ვიზუალური მხარე  – მიქსერი უნდა იყოს ახალი, ექსპლუატაციაში არ მყოფი, მუშა მდგომარეობაში. საგარანტიო ვადა – არანაკლებ, 6 თვე. აღნიშნული საჩუქარი უნდა იყოს ინდივიდუალურად შეფუთული და ინდივიდუალურად მოთავსებული ა2 ფორმატის ზომის, სასაჩუქრე ჩანთაში.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსი მარინა ჯაფარიძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ დასაჯილდოებელი 40 ქალბატონი შერჩეულები არიან სხვადასხვა სფეროდან:

“როგორც ყოველწლიურად კეთდება, წელსაც ასე იქნება. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს ვუკავშირდებით და ისინი გვაძლევენ კანდიდატების სიას. ამ სიაში არიან მრავალშვილიანი დედები, სამედიცინოს სფეროს და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები, ასევე, იქნებიან საჯარო სამსახურში დასაქმებული ქალები, დასახელდება საუკეთესო ბებია ქალი, საუკეთესო ბიზნესმენი ქალი და ა. შ.“, – განაცხადა მარინა ჯაფარიძემ.

გამოცემა დაინტერესდა, თუ რატომ შეირჩა საჩუქრად მაინცდამაინც მიქსერი.

“ვცდილობთ, რომ საჩუქარი იყოს საოჯახო ტექნიკა და ამ საჩუქრით, რაც შეიძლება, მეტმა ადამიანმა მიიღოს სარგებელი. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის საჩუქარი ოჯახისთვის“, _ აღნიშნა სატელეფონო საუბრის დროს მარინა ჯაფარიძემ.

გასულ წელს 8 მარტისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე 50 ქალი დაჯილდოვდა, საჩუქრად კი ყავის ელექტრო მადუღარა დაურიგდათ.

ოზურგეთამდე ქალებისთვის ხორცსაკეპი მანქანების გადაცემას ზუგდიდის მერია აპირებდა. ქალთა და დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისთვის უწყებას 20 ხორცსაკეპის ყიდვა უნდოდა, რაშიც, 4 ათას ლარამდე უნდა დახარჯულიყო. თუმცა, ამ თემის ირგვლივ ატეხილი კრიტიკის გამო, ხორსაკეპებისთვის გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა.