ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, ქუთაისის მერია, შესაძლოა, მთავრობის სახლის ყოფილ შენობაში გადავიდეს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
საკითხი რომ განხილვის თემაა, ამას ადასტურებენ საპარტნიორო ფონდში, რომელსაც შენობა მთავრობამ გადასცა.
“ამ საკითხზე მიმდინარეობს მსჯელობა, თუ რა ფუნქცია უნდა მოეძებნოს შენობას. მათ შორის, ერთ-ერთ ვერსიად განიხილება იქ ქუთაისის მერიის გადასვლა, თუმცა, ჯერჯერობით, გადაწყვეტილება მიღებული არ არის“,- განუცხადა ქუთაისიპოსტს საპარტნიორო ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, ნინო ქვარიანმა.
ინფორმაციას არ ადასტურებენ ქუთაისის მერიაში და აცხადებენ, რომ ამის შესახებ მათთვის ცნობილი არ არის.
მინისტრთა კაბინეტის მუშაობისთვის ქუთაისში აშენებული შუშის შენობა, რომელსაც არც ერთი დღე არ უფუნქციონირია, ბიუჯეტს 80 მილიონი ლარი დაუჯდა. 2013 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მთავრობის სახლი არაკომფორტულად გამოცხადდა და დაიკეტა. რაც შეეხება ქალაქის ცენტრში მდებარე შენობას, სადაც ქუთაისის მერიის, საკრებულოსა და იმერეთის მხარის ადმინისტრაციებია განთავსებული, ერთ-ერთი ვერსიით, მისით მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილია დაინტერესებული, რომელიც შენობაში სასტუმროს მოწყობას გეგმავს.
ქუთაისის მერიის ადგილმდებარეობის შეცვლისა და შენობის გაყიდვის შესახებ, ინფორმაცია რამდენჯერმე გავრცელდა. ერთ-ერთ ვერსიად პარლამენტის ყოფილი შენობა განიხილებოდა, თუმცა, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შენობა, შესაძლოა, გაიყიდოს, რაც არ დაადასტურეს ეკონომიკის სამინისტროში. არსებობდა ვარაუდიც, რომ მერიის თანამშრომლებს აუდიტის სამსახურის შენობაში გადაიყვანდნენ.