საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქვევრის, როგორც გეოგრაფიული აღნიშვნის პროდუქტის დარეგისტრირების ინიციატივით გამოდის.
სამინისტროში გაიმართა პირველი სამუშაო შეხვედრა, რომელშიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყების და სამეცნიერო წრის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
მინისტრის თქმით, ბოლო წლებში ქვევრის ღვინოზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება, რასაც 2013 წელს, „იუნესკოს“ მიერ ქვევრის ღვინის ქართული ტრადიციული მეთოდისთვის არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსის მინიჭებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.
ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ 2017 წელს, საქართველომ კიდევ ერთ დიდ წარმატებას მიაღწია და საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებამ აღიარა, რომ ღვინის სამშობლო საქართველოა.
„ქართული ღვინის ცნობადობისთვის, საერთაშორისო დონეზე ქვევრის ღვინის წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენთვის ქვევრის ღვინო განსაკუთრებული ღირებულების პროდუქტს წარმოადგენს, ამიტომ დღის წესრიგში დადგა ქვევრის, ამ კულტურული მემკვიდრეობის როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე დაცვა.
გაზრდილი ინტერესის გამო ქვევრის ღვინო საქართველოს გარდა სხვა ქვეყნებშიც იწარმოება. შესაბამისად, ჩვენი ახალი ინიციატივა ხელს შეუწყობს ქვევრის ღვინის რეპუტაციისა და პოპულარიზაციის კიდევ უფრო ზრდას, ასევე პრემიუმ სეგმენტში ქართული ღვინის პოზიციების გამყარებას“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მისივე განმარტებით, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია (OIV) ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინის OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში შეტანის მიმართულებითაც მუშაობს.
შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ კი ქართული ქვევრის ღვინო ჩამონათვალში რიგით მერვე იქნება, რაც პროდუქციის ცნობადობის ზრდას შეუწყობს ხელს.
,,შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს ქვევრის გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციისთვის საჭირო დასაბუთებულ სპეციფიკაციებსა და აუცილებელ სამართლებრივ მექანიზმებს. ეს იქნება საქართველოში პირველი შემთხვევა, როდესაც არასასურსათო პროდუქტი დარეგისტრირდება, როგორც გეოგრაფიული აღნიშვნა.
ამ დრომდე საქართველოში დარეგისტრირებულია 20-მდე გეოგრაფიული აღნიშვნა, მათ შორის, ჭაჭა, მაწონი, ჩურჩხელა, სვანური სულგუნი, გუდა და ა.შ”,– განაცხადა ლევან დავითაშვილმა.