დავითაშვილი: ტყეში მდებარე ეკლესია-მონასტრებს, შეიძლება, არაუმეტეს 20 ჰექტარი ტყე ჰქონდეთ, საკითხის ირგვლივ ხმაური უსაფუძვლო სპეკულაციაა

881

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იმედოვნებს, რომ პარლამენტი ტყის ახალ კოდექსს საგაზაფხულო სესიაზე დაამტკიცებს.

დავითაშვილის შეფასებით, ტყის კოდექსი არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც ტყის ახლებურად, მდგრადი მართვის პრინციპებით შენარჩუნებას უწყობს ხელს.

ამასთან, მინისტრის შეფასებით, სპეკულირება ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობის ეკლესიისთვის გადაცემის საკითხზე, საფუძველს არის მოკლებული.

„თემაზე, რომელსაც მოჰყვა სპეკულირება, მინდა განვმარტო, რომ ტყის კოდექსი შემუშავებულია ტყის მართვის ეროვნული სტრატეგიის შესაბამისად, რომელიც ჯერ კიდევ 2013 წელს შეიქმნა. ვფიქრობ, საფუძველს მოკლებულია საუბარი იმაზე, რომ გარკვეულწილად ეს არის საარჩევნო ინსტრუმენტი საპატრიარქოსთან ურთიერთობის კუთხით. უბრალოდ, ადამიანებმა დღეს გაიგეს, როდესაც დოკუმენტი არსებობს მრავალი წლის განმავლობაში და მრავალი წლის განმავლობაში იხილება სპეციალისტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ექსპერტებთან თუ მთავრობათაშორის სხვადასხვა ფორმატში“, – განაცხადა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილი განმარტავს, რომ კოდექსი ახლებურად აწესრიგებს ტყის კატეგორიებს, მიჩენის უფლებით კი, ტყე ამჟამადაც აქვს სხვადასხვა უწყებას.

„რაც შეეხება ეკლესიისთვის გადაცემას, ტყის კოდექსი ახლებურად აწესრიგებს ტყის კატეგორიებს. სახელმწიფო ტყესთან ერთად განისაზღვრა მათ შორის მუნიციპალური, კერძო და ასე შემდეგ, სხვადასხვა კატეგორიის ტყეები. ასევე ფუნქციური დანიშნულების მიხედვით, ტყეები განისაზღვრა როგორც სამეურნეო, რეკრეაციული, განსაკუთრებული დაცვის და ასე შემდეგ. მთელი რიგი მიდგომები შეიცვალა და ამ კონტექსტში რეალობის ასახვა მოხდა. რეალობა კი, ის არის, რომ დღეს ეკლესია-მონასტრებს და საპატრიარქოს, სხვადასხვა უწყებას გააჩნია ტყე მიჩენის უფლებით, საუბარია იმაზე, რომ მათ, გარკვეული ფორმებით და პირობებით ჰქონდეთ ტყის გამოყენების საშუალება და ეს პირობები მკაცრად არის განსაზღვრული კოდექსით. ყველა ტყე იმართება ტყის კოდექსის პრინციპების შესაბამისად და ეს მოექცა რეგულირების სფეროში. განისაზღვრა კონკრეტული რაოდენობა, კონკრეტულ ეკლესია-მონასტრებს, რომლებიც ბუნებრივად ტყეში მდებარეობს, შეიძლება, ჰქონდეს არაუმეტეს 20 ჰექტარი ტყისა, რაც ასევე ტყის სწორად შენარჩუნების და მართვის საშულებას მოგვცემს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში, სუბიექტი, რომელიც ტყესთან უფრო ახლოს არის და დაინტერესებულია ტყის უკეთესი სანიტარული მდგომარეობით, უკეთ განახორციელებს ტყის მოვლას, მაგრამ, ეს უნდა იყოს კოდექსით განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად.

„ამიტომ ასეთი ხმაური ამ საკითხის გარშემო, ჩვენთვის იყო საკვირველი“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.