მიცკევიჩის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო

823

საბურთალოს რაიონში, მიცკევიჩის ქუჩა N17-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გამგეობის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები 1 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე შესრულდება.

“პროექტის ფარგლებში, მოეწყობა საბავშვო მოედანი, სადაც კაუჩუკის საფარზე სხვადასხვა სახის ატრაქციონი დამონტაჟდება. ასევე, ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, განთავსდება საჩრდილობელი, სკამები და LED სანათები დამონტაჟდება”, – აცხადებენ გამგეობაში.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „გრინსერვისი+“ ასრულებს, რისთვისაც საბურთალოს  გამგეობის ბიუჯეტიდან 205 000 ლარია გამოყოფილი.

“მიცკევიჩის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დავიწყეთ. ჩვენთვის აღნიშნული ტერიტორიის მოწესრიგება პრიორიტეტული იყო, რადგან ამ ქუჩაზე მხოლოდ ერთი დასასვენებელი სივრცეა, რომლითაც ადგილობრივი მოსახლეობა სარგებლობს. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო პროექტი გამოვა“, – განაცხადა საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ.