თბილისის მერმა კახა კალაძემ სამგორის რაიონში მცხოვრებ 22 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა. კალაძის თქმით, წლობით დაუკანონებელი ქონების საკუთრებაში გადაცემის პროგრამას დედაქალაქის მერია მომავალშიც გააგრძელებს.
“ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომლითაც ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ. მე, როგორც ქალაქის მერს და როგორც რიგით მოქალაქეს, ძალიან მიხარია, რომ ამ ნაბიჯით, განხორციელებული პროექტებითა და პროგრამებით მუნიციპალიტეტი ბევრ ადამიანს ახარებს და აბედნიერებს. ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით და გავაგრძელებთ. ვიცით, რომ ეს პრობლემა ბევრ ოჯახს აწუხებს. დედაქალაქის მერია გამგეობასთან ერთად მზადაა, ყველა ოჯახს, ვისაც ანალოგიური პრობლემა აქვს, დაეხმაროს და ხელი მაქსიმალურად შეუწყოს“, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.
როგორც მერიაში განმარტავენ, ჭიჭინაძის N10ა-ში 9 ოჯახი 90-იანი წლებიდან ცხოვრობს, თუმცა ამ დრომდე ვერ შეძლეს ფართების დაკანონება.ასევე, 15-წლიანი ლოდინის შემდეგ, საცხოვრებელი ფართები დაუკანონდათ მუხაძის ქუჩის N15-ში მცხოვრებ 13 ოჯახს.
კახა კალაძის მერობის პერიოდში, საცხოვრებელი ფართები დაახლოებით 800-ზე მეტ ოჯახს დაუკანონდა.