თბილისში, ჩარგლის ქუჩის მოსახლეობა ცხრასართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს

687

თბილისში, ჩარგლის ქუჩა N#79-ში მცხოვრებლები ცხრასართულიანი კორუსის მშენებლობას ეწინააღმდეგება. მოსახლეობამ კვირას აქცია გამართა. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს.

ისინი აცხადებენ, რომ მიმდებარედ შპს „რეგიალი“ ცხრასართულიანი კორპუსის აშენებას გეგმავს, რაც გამოიწვევს მწვანე საფარის, საპარკინგე ადგილისა და თავისუფალი სივრცის განადგურებას. ასევე, მათი თქმით, კორპუსი შექმნის მზის ენერგიის მიწოდების პრობლემას.

გარდა ამისა, მოსახლეობა ამბობს, რომ ვიდრე კორპუსი აშენდება, უნდა მოიჭრას 32 ათასი კუბური მეტრი დახრილი ფერდობი, რაც მეწყრულ პროცესებს და მთის ჩამოშლას გამოიწვევს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჩარგლის ქუჩის მცხოვრებლები მერიაში შესატანად სარჩელს ამზადებენ, რომლითაც მოითხოვენ, რომ მესაკუთრის ფართის ადგილმონაცვლეობა მოხდეს.

საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა თავად მესაკუთრემ.

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში განაცხადეს, რომ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობისთვის სამშენებლოდ გამოყენების პირობები 2014 წლის სექტემბერში დამტკიცდა, რომლის მიხედვით, მესაკუთრემ მოითხოვა არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა.

„არქიტექტურის სამსახურის მიერ მოთხოვნილი იქნა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ტრანსპორტზე ზემოქმედების შეფასების კვლევა. სატრანსპორტო სქემამ და ზეგავლენის შეფასებამ მიიღო დადებითი შეფასება ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში. შესაბამისად, 2019 წლის დეკემბერში შეთანხმდა არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა“,- განუცხადეს საქართველოს პირველ არხს მერიის არქიტექტურის სამსახურში.