ლევან დავითაშვილი: ქალაქ რუსთავის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის მართვის გეგმა შემუშავდება

740

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით, ქალაქ რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების ხელშემწყობი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, სამოქალაქო მოძრაობის „ვიგუდებით“ და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტთან ერთად, აქტიურად მუშაობს საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავების და ცვლილებების განხორციელების მიმართულებით, რაც ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი წინაპირობაა. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად დავუახლოვდეთ ევროპის გარემოსდაცვით პოლიტიკას; შესაბამისად, კომპანიები უნდა იყვნენ პასუხისმგებლიანი. ამ მიმართულებით ჩვენ უკომპრომისო მიდგომა გვაქვს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ყველა პასუხისმგებელი და დაინტერესებული მხარის ჩართულობით საკითხის განხილვა და ხაზი სამოქალაქო აქტივობის მნიშვნელობას გაუსვა.

შეხვედრაზე, ევროპული პრაქტიკის საუკეთესო მაგალითებთან ერთად, წარმოდგენილი იყო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის და სამრეწველო სექტორის გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების კონტროლის შედეგები.

აღინიშნა, რომ სამუშაო ჯგუფის ფორმატში, ქალაქ რუსთავის ჰაერის მართვის გეგმა შემუშავდება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქალაქში ატმოსფერული ჰაერის ხარისხს.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.